მიხეილ მინდაძე - არ შეიძლება, ექსკურსიები სრულად მოვხსნათ, რისკები უნდა დავიყვანოთ მინიმუმამდე
მიხეილ მინდაძე - არ შეიძლება, ექსკურსიები სრულად მოვხსნათ, რისკები უნდა დავიყვანოთ მინიმუმამდე

საზოგადოებაში წამოვიდა ტენდენცია, რომ ექსკურსიები და ლაშქრობები სულ მოიხსნას, მაგრამ ეს არ შეიძლება, – ამის შესახებ 161-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მიხეილ მინდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არაბუნებრივია. არ შეიძლება, ადამიანის ცხოვრებიდან ასეთი მნიშვნელოვანი რამ ამოიღო. ჩვენ რისკები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. რისკი სახლიდან გამოსვლის დროსაც არსებობს და ყოველთვის; ადამიანები ვართ და რისკის ქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ ეს რისკები ხელოვნურად არ უნდა გაჩნდეს და მაქსიმალურად უნდა შევამციროთ“, – განაცხადა მიხეილ მინდაძემ.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ექსკურსია, ბოლო ხანს დროის გასატარებელ და ხშირად, მშობლების დროის გასატარებელ ადგილად გადაიქცა, მაშინ, როცა ის შემეცნებითი, სასწავლო აქტივობაა.

„ექსკურსია ისეთივე შემეცნებითი, სასწავლო აქტივობაა, როგორც ნებისმიერი გაკვეთილი. ამიტომ, ის ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს – მასალას, საგანს, დროს და ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს“, – განაცხადა მიხეილ მინდაძემ.

როგორც მინდაძემ აღნიშნა, უბედური შემთხვევების დროს პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში სკოლაზეა.

„ადრე, როცა ბავშვები ექსკურსიაზე შორ მანძილზე მიდიოდნენ, ყოველთვის ვაფრთხილებდით ხოლმე ავტოინსპექციას და მანქანას გამოყოფილი ინსპექტორი მიჰყვებოდა, მანქანაში იჯდა ინსპექტორი ან წინ მიუძღოდა. მართალი რომ გითხრათ, ჩემს სკოლაში დღესაც აფრთხილებენ და მოითხოვენ. ამის მართლა დიდი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ ეს ფუჭი საჭიროება არ არის. ვინც უნდა იყოს ჩემს ზემოთ თუ ქვემოთ, მე ვაგებ პასუხს. ეს ცალსახაა. მე შემიძლია, გადაწყვეტილება მივიღო და ამიტომ ვაგებ პასუხს“, – განაცხადა მიხეილ მინდაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიების გარკვეულწილად აცილება, ამ დრომდე არსებული რეგულაციების კეთილსინდისიერად აღსრულება რომ მომხდარიყო, მიხეილ მინდაძემ განაცხადა, რომ ძნელი სათქმელია, როდის შეიძლებოდა, ტრაგედია აგვეცილებინა, მაგრამ პასუხისმგებელმა პირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს რისკის მინიმუმამდე დასაყვანად.

„რად მინდა დიდი რეგულაციები, ბრძანებები და თითის ქნევა, როდესაც მეც ვიცი, რომ როცა ბავშვები სადღაც მიგვყავს, ავტობუსი გამართული უნდა იყოს. მეც ვიცი, რომ როცა ბავშვი სადმე მიმყავს, იქ ადრე უნდა ვიყო ნამყოფი და ვიცოდე, სად მიმყავს. თუ იქ რამე სახიფათოა, მაგალითად, რაღაც ბოგირია გაბმული და ადამიანმა ზედ უნდა გადაიაროს, ვიღაც უნდა წავიყვანო, ვინც იმაში გადატარებაზე მომეხმარება. ეს ნაფიქრი უნდა მქონდეს. ამას არ სჭირდება ის, რომ ვიღაცამ მაინცდამაინც, თითი დამიქნიოს და მითხრას, ეს გააკეთეო. თუ ასეთ რამეებზე არ ვფიქრობ, მაშინ რა მინდა სკოლაში და რა მინდა ბავშვთან“, – განაცხადა მიხეილ მინდაძემ.

მინდაძემ ასევე განაცხადა, რომ სკოლაში ისეთი ხალხი უნდა მივიდეს, ვისაც მასწავლებლობა და ბავშვთან ყოფნა უნდა, რადგან უპირველესი ეს არის.

„პირველი ეს არის, თორემ კარგი გეოგრაფი და მათემატიკოსი შეიძლება, ბევრი იყოს. მოვიდეს ის, ვისაც შეუძლია ბავშვთან ყოფნა და ვინც იცის, რომ სკოლაში მთავარი ბავშვია და არა სკოლის დირექტორი, მასწავლებელი თუ მინისტრი“, – განაცხადა მიხეილ მინდაძემ.