ნინო ჭელიძე - არ ყოფილა შემთხვევა, „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ბენეფიციარი ვერ დასაქმებულიყო
მხოლოდ წელს, ჩვენს სტიპენდიანტებზე ცხრა მილიონამდე ლარია გაცემული, – ამის შესახებ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორმა, ნინო ჭელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დღესდღეობით ცენტრს ცხრა პროგრამა აქვს. ვფიქრობთ, ამ პროგრამების რაოდენობა გაიზრდება და შესაბამისად, გაიზრდება გაცემული სტიპენდიების ოდენობაც“, – განაცხადა ჭელიძემ.
მისი თქმით, „განათლების საერთაშორისო ცენტრს“ ჰყავს სტიპენდიანტები, რომლებმაც პირველ ან მეორე წელს დაფინანსების მიღება ვერ შეძლეს, მაგრამ მესამე წელს დაფინანსდნენ.
„ადამიანს რწმენა უნდა ჰქონდეს, როცა პროგრამაში შემოდიხარ და ხედავ, რომ შენნაირი ადამიანები ფინანსდებიან, რწმუნდები, რომ ეს შესაძლებელია. ცენტრი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სწავლის სურვილი აქვს. ჩვენ ნებისმიერი შეხვედრისთვის ღია ვართ. ცენტრი ქალაქის ცენტრში ორ უნივერსიტეტს შორის, ჭავჭავაძის გამზირის #7-ში მდებარეობს“, – განაცხადა ნინო ჭელიძემ.
„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორმა ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მათი CV-ები სხვადასხვა უწყებაში იგზავნება და აქამდე არცერთი მათგანი უპასუხოდ არ დარჩენილა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი, რომელსაც საქართველოში დაბრუნების ვალდებულება აქვს, სამი წლის განმავლობაში ვერ დასაქმდება, ნინო ჭელიძემ განაცხადა, რომ ცენტრს ჯერ არ ჰყოლია აპლიკანტი, რომელიც არ დასაქმებულა.
„არ გვქონია შემთხვევა, როცა აპლიკანტი ვერ დასაქმდა. გვაქვს შემთხვევები, როცა ვთქვათ, ვიღაცას ერთ კონკრეტულ სამსახურში დასაქმება სურდა და იქ ვერ დასაქმდა, მაგრამ სხვაგან დასაქმდა“, – განაცხადა ნინო ჭელიძემ.