ნინო ბურჯანაძე - საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ საქმე როგორც არ უნდა დამთავრდეს, მას საქართველოსთვის რეალური შედეგი არ მოჰყვება
ნინო ბურჯანაძე - საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ საქმე როგორც არ უნდა დამთავრდეს, მას საქართველოსთვის რეალური შედეგი არ მოჰყვება

ჩემთვის და ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება, ამ საქმეში საქართველომ გაიმარჯვოს, მაგრამ ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იქნებოდა, ისეთი გამარჯვება მოგვეპოვებინა, რომელსაც რეალური შედეგი მოჰყვებოდა და არა მხოლოდ მორალური კმაყოფილება, თუ გულის მოქავება, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ საქმე როგორც არ უნდა დამთავრდეს, მას საქართველოსთვის რეალური შედეგი არ მოჰყვება. ეს სასამართლო ვერც დაღუპულებს გააცოცხლებს, ვერც ტერიტორიულ მთლიანობას დააბრუნებს და ვერც რუსეთის ჯარებს გაიყვანს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებიდან“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ დეოკუპაციისკენ დამატებითი ნაბიჯები გადაიდგას, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამისთვის პირდაპირი დიალოგია საჭირო.

„საჭიროა, ხელისუფლებამ მოლაპარაკებები დაიწყოს დეოკუპაციასთან და აფხაზებთან, თუ ოსებთან დიალოგის აღდგენასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ მოლაპარაკება უნდა აწარმოოს აფხაზებთან და ოსებთან, ცალკე რუსებთან და ასევე, რუსების ჩართულობით აფხაზებთან და ოსებთან. გამოყენებული უნდა იქნას ყველანაირი ფორმატი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, აფხაზეთთან კონფლიქტში მხარე მხოლოდ რუსეთი არ ყოფილა და იმაზე, რაშიც რუსეთია დამნაშავე, თვალი არ უნდა დავხუჭოთ, მაგრამ ყველაფრის რუსეთისთვის დაბრალება ძალიან დიდი შეცდომაა.

„ამაში რუსეთის წვლილიც არის, ჩვენი შეცდომების წვლილიც და აფხაზების შეცდომების წვლილიც. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენსა და აფხაზებს შორის გარკვეული დაპირისპირება იყო. ყველაფერზე თვალს ნუ დავხუჭავთ. თუ ყველაფერში მხოლოდ რუსებს დავადანაშაულებთ, კრიზისიდან რეალურად, ვერასოდეს გამოვალთ და გამოსავალს ვერასოდეს ვიპოვით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.