ნინო ბურჯანაძე - რუსეთის პრეზიდენტს მადლობას თუ არ ეტყოდი, ის მაინც არ უნდა გეთქვა, რომ უვიზო რეჟიმის თემა არ გაინტერესებს
რუსეთის პრეზიდენტს თუ მადლობას არ ეტყოდი, ის მაინც არ უნდა გეთქვა, რომ უვიზო რეჟიმის თემა არ გაინტერესებს, ეს უბრალოდ, უზრდელობაა, – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
„როცა გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ის მზად არის, საქართველოს უვიზო რეჟიმი მისცეს, მაგრამ ამ ინტერვიუს შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება მეორე დღესვე გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ ეს თემა არ გვაინტერესებს, რუსებს თუ უნდათ, გააუქმონ, თორემ მოლაპარაკებებზე ჩვენ ამ თემებს არ ვაყენებთო“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ვინც არ უნდა იყოს, ოკუპანტი, მტერი თუ მოყვარე, თუ ის კარგს აკეთებს, უნდა აღვნიშნო და მადლობა გადაუხადო, ხოლო როცა ცუდს გააკეთებს, საყვედურს იტყვი, ან გააპროტესტებ, რასაც მეტი ფასი ექნება.
„როცა კარგს აკეთებს თუ ცუდს, ორივე შემთხვევაში ცუდად და აგდებულად ექცევი, განსხვავება აღარ არის და ის კარგად აღარ მოიქცევა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, 2010 წლის შემდეგ რატომ გაიშვიათდა მისი ვიზიტები რუსეთში და იპოვა თუ არა მოსკოვმა სხვა მოკავშირე, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ახლახან მოსკოვში ყოფნისას არაერთი არაფორმალური შეხვედრა ჰქონდა.
„ახლაც, როცა მოსკოვში ვიყავი, არაერთი შეხვედრა მქონდა. წარმატებას ვუსურვებ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მოსკოვში ჩავა და შეეცდება, რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს. უბრალოდ, ამისთვის ძალიან ბევრი, თუნდაც ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვაა საჭირო“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
გადაცემის წამყვანმა ნინო ბურჯანაძეს „ქრისტიან დემოკრატებთან“ გაერთიანებასთან დაკავშირებითაც ჰკითხა, თუ რა ღირებულებითი ერთობა იპოვა ბურჯანაძის პარტიამ „ქრისტიან დემოკრატებთან“, რომლებსაც ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებად მოიხსენიებდა და მოხდა თუ არა მათი გაერთიანება იმ ერთ მილიონამდე ლარისთვის, რომელიც შემდგომში, „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ბიუჯეტიდან მოიპოვა
„ეს ფული პარტიამ არჩევნებში მონაწილეობით მოიპოვა. აქ არაფერი დასამალი არ არის. ერთადერთი, რაც „ქრისტიან დემოკრატებთან“ გაერთიანებით მივიღეთ, ეს იყო საეთერო დრო და არა ფული. ეს იყო საეთერო დრო, რომელიც შეგვეძლო, მათთან ერთად არჩევნების დროს გამოგვეყენებინა იმ პირობებში, როცა „ქართულმა ოცნებამ“ დაგვახრჩო, არ გვყავდა არც საარჩევნო კომისიის წევრი, არ გვქონდა არც საეთერო დრო, არც სარეკლამო დრო და არც არანაირი ბენეფიტი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.