ნინო ბურჯანაძე - „ქართულ ოცნებას“ გადარჩენის ერთადერთი შანსი აქვს - არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ გადარჩენის ერთადერთი შანსი აქვს – არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.
ამის შესახებ ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სუს-ის შენობასთან დღეს აქციის დროს რამდენიმე პირის დაკავებას გამოეხმაურა.
კერძოდ, ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის მისი პარტიის წევრები, ბექა და ნიკა პეტრიაშვილები არიან.
„დღეს ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ხელისუფლებაში 2011 წლის 26 მაისის მონაწილეთა სისხლზე, ცრემლზე და ბძოლაზე მოვიდა, 26 მაისის მონაწილე ორი ახალგაზრდა დააკავა. ბექა პეტრიაშვილი დაკავებული იყო 26 მაისის მოვლენების შემდეგ, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლით, იჯდა გარკვეული პერიოდი. ბექა პეტრიაშვილი აღიარებულ იქნა ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტპატიმრად, ის 18 წლის იყო. პოლიტპატიმრად აღიარებული იყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და „ქართული ოცნების“ დადგენილების საფუძველზე. ვეღარ იტყვით, „ნაციონალური მოძრაობა“ დგას ქუჩაშიო. თქვენ გვაიძულეთ, თითოეული ჩვენგანი, ნიკა და ბექა პეტრიაშვილები, დავმდგარიყავით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც ვებრძოდით 26 მაისს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი სოლიდარობას უცხადებს ყველა დაკავებულს. პარტიაში ამბობენ, რომ ამ დროის ინფორმაციით, დაკავებულები ვარკეთილში, შსს-ის შენობაში არიან გადაყვანილები.