ნინო ბურჯანაძე - პროპორციული არჩევნები მოგვიტანს პარლამენტში ზუსტად იმ განწყობების ასახვას, რაც არის რეალურად საზოგადოებაში
„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა პარლამენტში გარკვეულ სიჭრელეს გამოიწვევს, თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჯობია, მწვავე დისკუსიები პარლამენტში წარიმართოს. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„პროპორციული არჩევნები პარლამენტში მოგვიტანს ზუსტად იმ განწყობების ასახვას, რა განწყობებიც არის რეალურად საზოგადოებაში. ანუ, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, პირველ რიგში ხელისუფლება, ვეღარ შეძლებს იმაზე მეტი მანდატის მოპოვებას პარლამენტში, ვიდრე მას მოსახლეობა მიანიჭებს. ეს გამოიწვევს გარკვეულ სიჭრელეს პარლამენტში, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ქვეყანაში სიტუაცია ისეთია, რომ ალბათ ჯობია, პარლამენტის შიგნით იყოს მწვავე დისკუსიები, ვიდრე ქუჩაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პრეზენტაციას ესწრებიან ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც, მათ შორის „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მიხეილ-გელა სალუაშვილი. ღონისძიებაზე იმყოფებიან არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.
კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.
გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.
ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.