ოპოზიციის ოპოზიციონერობას დაანებეთ თავი, ახლა ოპოზიციის ოპოზიციონერობა არის ბიძინა ივანიშვილის თამაში, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ახლა პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას ერთადერთი გამართლება აქვს, რომ მოთხოვნილი იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები.
„ოპოზიციას მინდა მივმართო, რას აკეთებთ პარლამენტში? ერთადერთი, რა გამართლებაც აქვს ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას, საერთოდ რომ არ უნდა შესულიყვნენ ამაზე არაფერს ვლაპარაკობ, სასწრაფოდ იქნას მოთხოვნილი საკონსტიტუციო ცვლილებები, დაიდოს ვადა, როდემდე ვაძლევთ, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებს კენჭი ეყაროს. თუ ეს ცვლილებები არ გავა ისე, როგორც იყო შეთანხმებული, მათ შორის ოპოზიციასთან და მიშელის დოკუმენტში, მაშინ ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. ვინც არ დატოვებს პარლამენტს, ის ოპოზიცია ვეღარ იქნება.
ოპოზიციის ოპოზიციონერობას დაანებეთ თავი, ჩემზე მეტი უფლება ოპოზიციაში არავის არ გაქვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ან სააკაშვილის ოპოზიციაში იყოთ, მაგრამ ახლა ოპოზიციის ოპოზიციონერობა არის ბიძინა ივანიშვილის თამაში და ან ჩამოყალიბდით – მესმის, რომ საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება ბევრს არ გაქვთ, ან ოპოზიციის ოპოზიციონერობას თავი დაანებეთ, ანდა დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, ან მოგვიწევს, რომ ჩვენ დავარქვათ. პრანჭვას ახლა დაანებონ თავი ოპოზიციონერებმა და ყველამ თქვას, რომ დიახ, ყველამ უნდა ვიმუშაოთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ თავისუფალმა სასამართლომ გაასამართლოს ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.