ნინო ბურჯანაძე - გავაგრძელებთ მოსახლეობასთან მუშაობას, რათა მოსახლეობას კარგად ესმოდეს, რომ ყოვლად შეუძლებელია გაყალბებულ არჩევნებთან შეგუება
ნინო ბურჯანაძე - გავაგრძელებთ მოსახლეობასთან მუშაობას, რათა მოსახლეობას კარგად ესმოდეს, რომ ყოვლად შეუძლებელია გაყალბებულ არჩევნებთან შეგუება

ჩვენ გავაგრძელებთ ვადამდელი არჩევნების მოპოვებისათვის ბრძოლას, საკმარისზე მეტი მომხრე ჰყავს ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეას, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, როგორ აფასებს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას გამოკითხულთა 60 პროცენტი არ უჭერს მხარს, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ვადამდელ არჩევნებს უჭერს მხარს.

„არ ვიცი, 60 პროცენტი არ მინახავს. მე რამდენადაც ვიცი, 45-45-ზეა და ვადამდელ არჩევნებს უჭერს მოსახლეობა მხარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ვადამდელ არჩევნებს უჭერს მხარს. ეს ნიშნავს იმას, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა მოსახლეობის განწყობას ოპოზიცია და შეცვლის თუ არა გეგმებს, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

„ჩვენ გავაგრძელებთ მოსახლეობასთან მუშაობას, რათა მოსახლეობას ნამდვილად ძალიან კარგად ესმოდეს, რომ ყოვლად შეუძლებელია გაყალბებული არჩევნების შეგუება, რადგან ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ სიმძიმეებს და პრობლემებს ქვეყანაში. ასე რომ ჩვენ გავაგრძელებთ ვადამდელი არჩევნების მოპოვებისათვის ბრძოლას. საკმარისზე მეტი მომხრე ჰყავს ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეას. იმ გეგმით, რა გეგმაც აქვს ოპოზიციას რეგიონებში, რაიონებში, ქალაქებში გასვლით, კიდევ უფრო მეტი გახდება ამ ადამიანების რიცხვი. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე გამოჩნდება და ჩვენ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, ეს არის კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.