IRI - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, გამოკითხულთა უმრავლესობა პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნით
IRI - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, გამოკითხულთა უმრავლესობა პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნით

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ინფორმაციით, ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ცნობით, გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

„ცალსახა და ნათელია საქართველოს მოქალაქეების სურვილი, გახდნენ ევროკავშირის წევრები და განაგრძონ დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუციებში ინტეგრაცია. საქართველოს მოქალაქეების ნების აღსრულება მთავრობის და ქვეყნის ლიდერების პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

IRI-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან ქვეყანაში რუსების მასიურად შემოდინებით, საჭიროა, საქართველოს მთავრობამ მოაგვაროს არსებული პრობლემა და დროულად აირიდოს თავიდან დაძაბულობის გამძაფრება“, – განაცხადა სტივენ ნიქსმა.

კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაბალია. გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს, ხოლო საზოგადოების 78%-ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს. საზოგადოებაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) აგრძელებს მრავალპარტიული დემოკრატიის მხარდაჭერას საქართველოში.

როგორც საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში აცხადებენ, IRI მხედველობაში იღებს პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის შემცირებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების სურვილს, იხილოს მეტი ახალგაზრდა პოლიტიკაში და განაგრძობს მუშაობას როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და დამწყებ პოლიტიკურ მოძრაობებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი პოლიტიკური წარმომადგენლობა და არჩევანი როგორც არჩევნების დღეს, ასევე მმართველობით დონეზე. კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.