IRI - მოქალაქეების 60 პროცენტი არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტის ბოიკოტირებას, 45 პროცენტი მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს, ხოლო 45 პროცენტი წინააღმდეგია
IRI - მოქალაქეების 60 პროცენტი არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტის ბოიკოტირებას, 45 პროცენტი მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს, ხოლო 45 პროცენტი წინააღმდეგია

მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მათ შორის 42 პროცენტი – „სრულიად არ უჭერს მხარს“ და 18 პროცენტი – „გარკვეულწილად არ უჭერს მხარს“, – ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ კვლევაშია აღნიშნული.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც აჩვენებს მოქალაქეების შეშფოთებას ეკონომიკური საკითხების მიმართ და უკმაყოფილებას მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისადმი.

ორგანიზაციის ცნობით, ამ მიგნებების პარალელურად, მმართველი და ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ ვერ აღწევენ შეთანხმებას წინა წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ სადავო საკითხებზე.

„წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ საქართველოს მოსახლეობა გამოირჩეოდა მუდმივი ოპტიმიზმით. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია იცვლება. მოქალაქეები სულ უფრო მეტად ღელავენ ეკონომიკურ საკითხებზე, პანდემიასა და მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე“, – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76 პროცენტს მიაჩნია, რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა „მეტ-ნაკლებად გაუარესდა“ (37 პროცენტი) და „მნიშვნელოვნად გაუარესდა“ (39 პროცენტი). გამოკითხულთა 63 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 71 პროცენტს მიაჩნია, რომ ეკონომიკური მდგომარეობა „მეტ-ნაკლებად“ ან „ძალიან“ ცუდია. გარდა ამისა, გამოკითხულთა 65 პროცენტი უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41 პროცენტს მიაჩნია, რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34 პროცენტი ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. გამოკითხულთა 59 პროცენტი კმაყოფილია მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში, მათ შორის „მეტ-ნაკლებად კმაყოფილია“ (44 პროცენტი) და „ძალიან კმაყოფილია“ (15 პროცენტი). ეს მონაცემი IRI-ს მიერ, 2020 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მაჩვენებელთან შედარებით, 20-პროცენტიან ვარდნას წარმოადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შესამსუბუქებლად, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, მოსახლეობის 45 პროცენტმა გამოთქვა კმაყოფილება, მაშინ, როდესაც 2020 წლის ივნისის კვლევაში ეს მონაცემი 56 პროცენტია. მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60 პროცენტი არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მათ შორის 42 პროცენტი – „სრულიად არ უჭერს მხარს“ და 18% – „გარკვეულწილად არ უჭერს მხარს“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ მოქალაქეების 45 პროცენტი მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45 პროცენტი ამის წინააღმდეგია.

„ეს მიგნებები არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის. საქართველოს მოქალაქეებს სურთ მოქმედი პარლამენტი, რომელიც მათ საჭიროებებსა და პრობლემებს წარმოადგენს“, – განაცხადა ნიქსმა.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

დატოვე კომენტარი