გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმმა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომების გამოყენებით, მოახერხა უიმედობის დანერგვა
გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმმა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომების გამოყენებით, მოახერხა უიმედობის დანერგვა

კვლევებმა გვაჩვენა ყველაზე მკაფიო სურათი, უმრავლესობას უნდა ქვეყნის კურსის დრამატულად შეცვლა, მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა მიჰყავს არასწორად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ IRI-ის კვლევებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რეალობის შესაცვლელად პოლიტიკური პარტიებისა და აქტიური ჯგუფების მთავარი ამოცანაა ნდობის აღდგენა პოლიტიკური პროცესის მიმართ, ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიმართ.

„მივიჩნევ, რომ ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისკენ, იზოლაციისკენ, ეკონომიკური სიდუხჭირისკენ და პუტინის რუსეთის წინაშე მარტო დატოვებისკენ. ამას ხედავს მყარი უმრავლესობა და უნდა ამის შეცვლა. ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა, მათ შორს საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომების გამოყენებით, მაგრამ სხვა ყველა არალეგალური მეთოდითაც, უიმედობის დანერგვა. ამ კვლევაში კი არა, შეგიძლიათ, ნახოთ სხვა კვლევაშიც ვარდნა, ზოგადად პოლიტიკური პროცესისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობის გაჩენა. მისი მთავარი იარაღი არის არა საკუთარი კურსის მხარდაჭერა, რადგან ეს მხარდაჭერა არ გააჩნია, არამედ ზოგად საზოგადოების უიმედობის ჭაობში ჩაფლობა. მგონია, რომ ამ რეალობის შესაცვლელად პოლიტიკური პარტიებისა და აქტიური ჯგუფების მთავარი ამოცანაა, ამ ნდობის აღდგენა პოლიტიკური პროცესის მიმართ ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, მათ გარშემო იმ ადამიანების  რაოდენობის ზრდა, ვინც მათ ფასეულობებს იზიარებს ან ახლოს არის. ასეთი რეჟიმების დამარცხებას არ ყოფნის უმრავლესობა, რომელიც ამ კვლევაში ჩანს.

საჭირო არის კიდევ უფრო დიდი უმრავლესობა და მოტივირებული ადამიანების დიდი ჯგუფი, რათა ჯერ მიღწეულ იქნას ვადამდელი არჩევნები, თუ ეს ვერ იქნება მიღწეული, ამ რეჟიმმა ვადიან არჩევნებში ვერ მოახერხოს უმრავლესობის ხმების მოპარვა“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, საზოგადოება თუ იქნება აქტიურ ფორმაში, აიძულებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ამ კვლევის მონაცემებიც საკმარისია, რომ არჩევნების შედეგად „ქართული ოცნება“ დარჩეს უმცირესობაში.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პარტიებმა უნდა აჩვენონ საკუთარ ამომრჩევლებს და საკუთარი გზავნილის მიტანა უნდა შეძლონ ამ კაკაფონიაში, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ქმნის.

„პარტიებმა უნდა აჩვენონ, რა ფასეულობებზე დგანან, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ეგეც მნიშვნელოვანია. არ უნდა მოატყუონ და არ უნდა გადააგდონ ამომრჩეველი. მექანიკური გაერთიანება გამოსავალი არ არის. ფასეულობის გარშემო გაერთიანება და კონკრეტული ფუნდამენტური პოზიციის გარშემო გაერთიანება, კი. ახლა გვჭირდება მყარი ერთობა იმის თაობაზე, რომ არავინ დაეხმაროს ივანიშვილის რეჟიმს ბუნდოვანების შექმნაში, რომ ამ რეჟიმის პირობებში შესაძლოა, კიდევ 12 პუნქტის შესრულება. მკაფიო გზავნილი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.