ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „ერთიანი საქართველო“ არჩევნებზე მხოლოდ მათთვის მისაღებ მაჟორიტარ კანდიდატებს დაუჭერს მხარს
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მათი პარტია არჩევნებზე მხოლოდ მათთვის მისაღებ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაუჭერს მხარს.
ბურჯანაძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ან რომელიმე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებას არ აპირებს, არამედ მიაჩნია, რომ ახლა ფოკუსირება უნდა გააკეთონ იმაზე, რაც შეიძლება ნორმალური საარჩევნო გარემო იყოს.
„არიან მაჟორიტარები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ არჩევნების მოგების შანსი. მაგალითად, ნიკა მელიას, ნამდვილად აქვს ამის შანსი, ასევე გრიგოლ ვაშაძეს ქუთაისში. მაგრამ მე არ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის“ ან რომელიმე პარტიის მაჟორიტარების შეფასებას.
შევთანხმდით, რომ თუ იქნებიან კანდიდატები, რომლებიც ჩვენთვის იქნებიან მისაღები, მათ მხარს დავუჭერთ. ასევე იქნებიან კანდიდატები, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერთ. ამაზე ჩემი პოზიცია ცნობილია. ამიტომ ახლა ფოკუსირება გავაკეთოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება ნორმალური იყოს საარჩევნო გარემო. ამაში ჟურნალისტების წვლილი მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.