ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიცია გააფორმებს დოკუმენტს პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიები შეიკრიბებიან და გააფორმებენ ერთობლივ დოკუმენტს დეპუტატის მანდატზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ბურჯანაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„11 დეკემბერს, როდესაც ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება, სრულიად ოპოზიციური სპექტრის მხრიდან გაკეთდება კიდევ ერთი საჯარო განცხადება და განხორციელდება კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური აქტი. ეს იქნება ხელმოწერები იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატები, რომლებიც დღეს არიან არჩეული ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად, აცხადებენ, რომ ისინი არ შედიან პარლამენტში და უარს ამბობენ დეპუტატის სტატუსზე. ამავდროულად, პარტიის თავმჯდომარეები ჩახსნიან სიას, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა – ერთპარტიული პარლამენტი, თუმცა საქართველომ მიიღო ის, რაც არ დაუმსახურებია. 21 საუკუნეში საქართველო არ მოითმენს ერთპარტიულ პარლამენტს და ეს პროცესი ძალიან მალე, 2021 წელს დამთავრდება ხელახალი ან ვადამდელი არჩევნებით და დამთავრდება საქართველოს მოსახლეობის გამარჯვებით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა საკითხზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე, ვინაიდან შეხვედრიდან ისმოდა ხმამაღალი საუბარი, ნინო ბურჯანაძემ უპასუხა, რომ მხარეები კამათობენ იმაზე, რა გზით მოიპოვონ ვადამდელი არჩევნები.
„ხმამაღალი საუბარი არანაირი პრობლემა არ არის. არის კამათი სხვადასხვა საკითხზე. კამათი არის იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით უმჯობესია მოპოვებულ იქნას ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები. კამათი არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, ივანიშვილმა პარლამენტი წაგვართვა და ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.