ნინო ბოლქვაძე - საპატრიარქოს დღევანდელი განცხადება იყო 2013 წლის 17 მაისის წინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, რომ არ განგვიხილავენ ადამიანებად
საპატრიარქოს დღევანდელი განცხადება იყო 2013 წლის 17 მაისის წინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, რომ არ განგვიხილავენ ადამიანებად, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელმა ნინო ბოლქვაძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან განაცხადა, სადაც პარალელურად ორი აქცია იმართება.
„ორგანიზაცია, რომელიც თავის თავს ქართულს უწოდებს, სინამდვილეში არის მარგინალური, ფაშისტური, ძალადობრივი დანაშაულებრივი ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია აკეთებს საჯარო განცხადებებს, რომელიც საზოგადოების გახლეჩვისკენ არის მიმართული. დღეს საპატრიარქოს განცხადება იყო 2013 წლის 17 მაისის წინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, რომლებიც ჩვენს ჯგუფს არ განიხილავს ადამიანებად და გვეუბნებოდნენ, რომ არ მიგვიჩნევენ სიცოცხლის დაცვის ღირსად. „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებმა გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობები. მივმართავთ საჯარო მოხელეებს, შს მინისტრს გიორგი გახარიას, პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს, პრემიერ-მინიტრს მამუკა ბახტაძეს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, თუ ისევ – თეოკრატიულ სახელმწიფოში“, – განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.
„თბილისი პრაიდის“ დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა და მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდი. სოციალურ ქსელში დაანონსებული აქციის მონაწილეების მისვლამდე, ადგილზე მივიდნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები. როგორც ისინი ამბობენ, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.