ნილოსის გასწვრივ მსოფლიოში უძველესი ჰიდრავლიკური სტრუქტურები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ნილოსის გასწვრივ მსოფლიოში უძველესი ჰიდრავლიკური სტრუქტურები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

სუდანში, მდინარე ნილოსის გასწვრივ არსებული უძველესი კლდის კედლისებრი ნარჩენები, როგორც ჩანს, მსოფლიოში ჩვენთვის ცნობილ ამ სახის უძველეს ჰიდრავლიკურ სისტემას წარმოადგენს.

ახალი აღმოჩენის მიხედვით, უძველესი ნუბიის იმპერიის მოსახლეობა (თანამედროვე სუდანის ჩრდილოეთ ნაწილში) ჯერ კიდევ 3000 წლის წინ მართავდა მდინარეს თავიანთ სასარგებლოდ.

მდინარის ქვიშის შემაკავებელი ნაგებობები მტკიცე სტრუქტურებია, რომლებსაც მდინარის ნაპირის პერპენდიკულარულად აგებენ და დღემდე გამოიყენება წყლისა და სილის ნაკადების სამართავად.

ისინი ძლიერ სასარგებლოა და როგორც ჩანს, მდინარე ნილოსის სანაპიროებზე, ფერმერებმა და მენავეებია მათ შესახებ იმაზე გაცილებით ადრე იცოდნენ, ვიდრე წარმოგვედგინა.

აქამდე, მსოფლიოში ჩვენთვის ცნობილი უძველესი ქვიშის შემაკავებელი ნაგებობები ჩინეთში, მდინარე ხუანხესთან იყო აღმოჩენილი, მაგრამ ისინი უკვე აღარაა უძველესი.

ავსტრალიელმა და ბრიტანელმა მკვლევრებმა იპოვეს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, ნუბიელები ამ ნაგებობებს ჩინელ ფერმერებზე 2500 წლით ადრე იყენებდნენ.

თანამგზავრული მონაცემების, ადგილობრივი გამოკითხვების და წინა კვლევების საფუძველზე, მკვლევართა ჯგუფმა გამოავლინა ქვიშის შემაკავებელი ასობით ნაგებობა, რომელიც სუდანში დღემდეა შემორჩენილი.

ზოგიერთი მათგანი ნილოსის წყალშია ჩაფლული, ზოგიც მდინარის დიდი ხნის წინ დამშრალ კალაპოტში დგას.

ფორმა, ორიენტაცია და ზომა ბევრს ამბობს მათი შესაძლო დანიშნულების შესახებ.

მკვლევართა ვარაუდით, მათ იყენებდნენ ნოყიერი ქვიშის დასაჭერად, მიწის სარწყავად, ნაპირების ეროზიის შესამცირებლად, სეზონური წყალდიდობებისგან დასაცავად, ხელსაყრელი სათევზაო ტბორების შესაქმნელად ან ქვიშიანი ქარების შესაკავებლად.

სისტემა იმდენად ეფექტიანია, რომ ადგილობრივები მას დღემდე იყენებენ, მაგრამ არა იმავე ადგილებში. გასული სამი ათასწლეულის განმავლობაში, კლიმატის ცვლილებამ ამ რეგიონში ნილოსის დინება მნიშვნელოვნად შეცვალა.

„სუდანის ნუბიელ გლეხებთან საუბრის შემდეგ, ასევე შევიტყვეთ, რომ ასეთი ნაგებობების აშენება 1970-იან წლებამდე გრძელდებოდა და ზოგიერთი კედლის მიერ ფორმირებულ მიწაზე მოსავალი დღემდე მოჰყავთ“, — ამბობს დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის არქეოლოგი მეთიუ დალტონი.

მისი განცხადებით, ეს საოცრად ძველი ჰიდრავლიკური ტექნოლოგია გადამწყვეტ როლს ასრულებდა ჯერ კიდევ 3000 წლის წინ, რათა სხვადასხვა საზოგადოებას ნუბიის არახელსაყრელ ლანდშაფტში მოსავალი მოეყვანა.

ცნობილია, რომ მდინარე ნილოსის გასწვრივ მცხოვრები უძველესი ხალხი ათასობით წლის განმავლობაში აგებდა არხებსა და ნავსადგურებს, მაგრამ ქვიშის შემაკავებელი ნაგებობები აქამდე დათარიღებული არ იყო.

მიიჩნეოდა, რომ მდინარე ნილოსის გასწვრივ ასეთი ნაგებობების აშენების პრაქტიკა თანამედროვე იყო, დაახლოებით მე-19 საუკუნის და ამ რეგიონში უფრო ძველი ასეთი სტრუქტურები არ არსებობდა.

სამწუხაროდ, ნუბიის არქეოლოგიურ ძეგლთა სიახლოვეს აღმოჩენილი ქვიშის შემაკავებელი ნაგებობები ხშირად მოქმედი არხების ქვეშაა მოქცეული, რის გამოც, მათი ზუსტად დათარიღება შეუძლებელია.

თუმცა, მდინარის დამშრალ კალაპოტში, პატარა ქალაქ დასავლეთ ამრასთან არსებული ნაგებობების დათარიღების შემდეგ დადგინდა, რომ ისინი დაახლოებით 3000-3300 წლისაა.

ისინი, რომლებიც სქელ ქვენაფენ ქანს ქმნიან, სავარაუდოდ წყლის შესაკავებლად გამოიყენებოდა, ანდაც ნილოსის ნოყიერი სილის დასაჭერად, რაც ირიგაციის საჭიროებას ამცირებდა. თუმცა, ისინი, რომელიც ზოლში თავდაყირაა განლაგებული, შეიძლება ქვიშიანი ქარის შესაკავებლად ან ტბორში თევზების მოსამწყვდევად გამოიყენებოდა.

მკვლევართა ვარაუდით, სტრუქტურები გამოიყენებოდა ვრცელი საზოგადოების მიერ, რომელიც ცხოვრობდა რეგიონში, სადაც ნილოსის დინება არ იყო ისეთი ძლიერი და თანმიმდევრული, როგორც ჩრდილოეთით, ეგვიპტეში.

ეს ნაგებობები ამ რეგიონში დასახლებათა გაშენებას ხდიდა შესაძლებელს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ნილოსის დინება იკლებდა, როგორც ამას კლიმატური ჩანაწერები მიუთითებს.

თუმცა, ნუბიის ოაზისმა სამუდამოდ მაინც ვერ გაძლო. მკვლევართა განცხადებით, დაახლოებით ძვ. წ. 1000 წელს, რეგიონის მშრალი კლიმატი ზედმეტად არახელსაყრელი გახდა.

ძვ. წ. დაახლოებით 200 წლისთვის, ზოგიერთ რეგიონში ნილოსის ადიდებები შეწყდა და ქვიშის შემაკავებელი ნაგებობებიც მოიშალა. ზოგი მიწის ქვეშ მოექცა.

მაგალითად, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, უძველეს ტაძარ სოლების სიახლოვეს, მკვლევრებმა აღმოაჩინეს 700 მეტრის სიგრძის კედლები, რომლებიც 100-კილოგრამიანი ლოდებით არის აშენებული.

მშრალ მიწაზე ნაპოვნი ქვიშის შემაკავებელი ნაგებობებისგან განსხვავებით, ეს კედლები სწორ ხაზზეა გაჭიმული ან მიბმულია მდინარის მოქმედ არხებზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება ღრმა, მშვიდი არხი, რომელიც აუმჯობესებს ნაპირთან ნავის მისვლას.

ამ სტრუქტურების ზუსტი დათარიღებისთვის შემდეგი კვლევებია საჭირო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლომახლოს 3000 წლის წინანდელი ასეთი ნაგებობები იპოვეს, არის შანსი, რომ ისინიც ასეთივე ძველი იყოს.

კვლევა Geoarchaeology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია uwa.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.