ნილოსის ასაკისა და უცვლელი კალაპოტის საიდუმლო ამოხსნილია
ნილოსის ასაკისა და უცვლელი კალაპოტის საიდუმლო ამოხსნილია

მდინარე ნილოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი ბუნებრივი საოცრებაა. გასაოცრად ხანგრძლივია მდინარის ისტორიაც. ახალი კვლევის მიხედვით, ნილოსის ასაკი 30 მილიონი წელიწადია.

კვლევა ასევე ხსნის დიდი ხნის საიდუმლოს ნილოსის შესახებ — რატომ არ შეიცვალა მდინარემ პოზიცია და დინების კურსი დროთა განმავლობაში, როგორც ეს ამ ზომისა და ასაკის სხვა მდინარეების შემთხვევაში მოხდა.

ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ნილოსის ქვეშ არსებული მანტიის სექცია ლენტური კონვეიერის მსგავსად ბრუნავს. საქმე ეხება მანტიის კონვექციას, რომელიც ათობით მილიონი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე რეგიონში მიმდინარეობს, რამაც მდინარე იმავე ადგილას შეინარჩუნა.

ტეხასის უნივერსიტეტის გეოლოგის, კლაუდიო ფაკენას განცხადებით, ნილოსის შესახებ არსებულ ერთ-ერთი უდიდესი შეკითხვაა როდის დაიბადა ის და რატომ გასძლო ამდენ ხანს.

ალტერნატიული თეორიის მიხედვით, ნილოსი პირველად 6 მილიონი წლის წინ გაჩნდა, როდესაც აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის გამო მოხდა მისი აუზის გადანაცვლება.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი არ არის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ნილოსი 30-მილიონი წლისაა, ახალი კვლევა ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს. ამის მიზეზია ახალი მტკიცებულებები, მათ შორის, ახალი გეოლოგიური მოდელირება და ეთიოპიის მაღალმთიანეთის ქანების დამთხვევა ნილოსის დელტის ქანებთან.

კვლევის მიხედვით, ეთიოპიის მთიანეთის გაჩენის მიზეზია გადაადგილებები დედამიწის მანტიაში. სწორედ ამ 1,5 კმ სიმაღლის მთებმა უზრუნველყო, რომ ნილოსს ხმელთაშუა ზღვისთვის მიეღწია და მის დინებას ამდენ ხანს გაეძლო.

ამ გეოლოგიური შეჯგუფების გარეშე, ნილოსი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეიცვლიდა მიმართულებას დასავლეთისკენ. ასეთ მოვლენას კი, რა თქმა უნდა, ძირეული ეფექტი ექნებოდა ადამიანთა ცივილიზაციის ისტორიაზეც, რადგან ნილოსს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთისთვის.

გარდა იმ მტკიცებულებებისა, რომლებიც მიუთითებს, რომ ნილოსი 30 მილიონი წელიწადია რაც ამჟამინდელ კალაპოტში მიედინება, ახალი კვლევა ასევე გვაწვდის ცნობებს იმის შესახებ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს დედამიწის სიღრმეში, მანტიის მოძრაობებმა ზედაპირზე მიმდინარე მოვლენების განვითარებაში. ნათელი ხდება ისიც, რომ მდინარეებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია ზედაპირის სიღრმეში მიმდინარე მოვლენათა შესახებ.

ამჯერად, ამავე ტიპის ანალიზების ჩატარება მკვლევრებს მსოფლიოს სხვა დიდ მდინარეებზეც სურთ; მათ შორისაა იანძი და კონგო. მანამდე კი, ნილოსის შესახებ არსებულ მრავალ საიდუმლოს დიდი ალბათობით უკვე გამოაკლდა მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი.

მკვლევართა დასკვნით, მიუხედავად მცირე მასშტაბის იმ მრავალი ცვლილებისა, რომელიც შეიძლება ნილოსის აუზს განეცადა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მდინარის ისტორია უწყვეტია, არ გამქრალა არასდროს და მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად აკავშირებს ეთიოპიის მთიანეთს ხმელთაშუა ზღვასთან.

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.utexas.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.