ნიკოს ანასტასიადისი - მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების აღსანიშნავად, კვიპროსის სახელმწიფომ საქართველოს ახალი მონასტრის ასაგებად მიწის ნაკვეთი გადასცა
ნიკოს ანასტასიადისი - მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების აღსანიშნავად, კვიპროსის სახელმწიფომ საქართველოს ახალი მონასტრის ასაგებად მიწის ნაკვეთი გადასცა

ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების აღსანიშნავად, კვიპროსის სახელმწიფომ საქართველოს ახალი მონასტრის ასაგებად მიწის ნაკვეთი გადასცა, – ამის შესახებ  კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნიკოს ანასტასიადისის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

როგორც ნიკოს ანასტასიადისმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ კვიპროსზე, ძალიან ავითარებენ კვიპროსის სახელმწიფოს არამხოლოდ კულტურული კუთხით, არამედ ეკონომიკური გაძლიერების პროცესშიც დიდ მონაწილეობას იღებენ.

მისი თქმით, ქართველთა არსებობა კვიპროსზე მრავალ წელსა და საუკუნეს მოიცავს.

„მეათე საუკუნიდან ფიქსირდებიან  ქართველები კვიპროსზე, მათ ააგეს მონასტერი პაფოსში. 1571 წელს მონასტერი უცხო დარბევის გამო მიტოვებულ იქნა. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყნებს შორის შედგა მოლაპარაკებები და არქეოლოგიური გათხრები გახდა შესაძლებელი. სწორედ ამ არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი იქნა აღნიშნული ეკლესიის ნანგრევები“, – განაცხადა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების აღსანიშნავად, კვიპროსის სახელმწიფომ საქართველოს მიწის ნაკვეთი გადასცა.

„ამ ჩვენი საუკუნებრივი ურთიერთობების აღსანიშნავად, კვიპროსის სახელმწიფომ გადასცა საქართველოს მიწის ნაკვეთი, იმისთვის, რომ ამ რეგიონში, სადაც უკვე არსებული მეათე საუკუნის ნანგრევებია, ახალი მონასტერი აიგოს“, – განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა.

​საქართველოს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნიკოს ანასტასიადისი  მეუღლესთან, ანდრი ანასტასიადისთან ერთად პირველი ვიზიტით გუშინ ეწვია. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, კვიპროსის პრეზიდენტი ასევე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნესფორუმიც, სადაც საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელებენ. ანასტასიადისი ასევე შეხვდება საქართველოს პატრიარქს.