ჯო ბაიდენი – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა
თეთრი სახლი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა. ბაიდენი ასევე მიმართავს ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, რომ მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა.
„აშშ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იდგა ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ, ღრმად შეშფოთებული ვარ ქვეყანაში ბოლო დროს დემოკრატიის უკუსვლით, მათ შორის, „რუსული კანონების“ მსგავსი კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ამცირებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სივრცეს.
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალი ფაქტის, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და იძულების გამო დაზიანდა. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც დამოუკიდებელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ მიიჩნიეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.