კვიპროსის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი დაიწყო
კვიპროსის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი დაიწყო

​საქართველოს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნიკოს ანასტასიადისი ეწვია. სტუმარს შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დახვდნენ.

კვიპროსის პრეზიდენტი თბილისს მეუღლესთან, ანდრი ანასტასიადისთან ერთად პირველი ვიზიტით ეწვია.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში, კვიპროსის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ორმხრივ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმიც, სადაც საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელებენ, ხელი მოეწერება რამდენიმე ხელშეკრულებას. ანასტასიადისი ასევე შეხვდება საქართველოს პატრიარქს.

„კვიპროსი ჩვენი ქვეყნის ისტორიული მეგობარია. კვიპროსი გახლავთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მასთან მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს. გავიმეორებ კვიპროსის მთავრობის სპიკერის განცხადებას და ვიტყვი, რომ ამ ვიზიტს თავისუფლად შეიძლება, ვუწოდოთ ისტორიული, რადგან პირველად ჩამოდის კვიპროსის სახელმწიფოს მეთაური საქართველოში. ამდენად, მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი. სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში კოორდინირებული მუშაობა გვაქვს, გვაქვს ტერიტორიული პრობლემები, სადაც გვჭირდება კვიპროსის, როგორც ევროკავშირის წევრის მხარდაჭერა, ისევე, როგორც გაერო-ს ფორმატში მხარდაჭერა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ.

ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი ნაყოფიერი იქნება.

„დაგეგმილი გვაქვს დღე-ნახევრიანი დატვირთული გრაფიკი. ამ ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება აგრეთვე საქართველო-კვიპროსის ბიზნეს ფორუმი, რამდენიმე მიმართულებაზე ორიენტაციასთან დაკავშირებით გვაქვს მოლაპარაკები. მიგვაჩნია, რომ ეს მიმართულებები ხელს შეგვიწყობს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ კვიპროს-საქართველოს თანამშრომლობა. რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვას და ვაჭრობის გაფართოებასა და გაღრმავებას, იმედია, რომ ეს ვიზიტი იქნება ნაყოფიერი. მოხარული ვართ, რომ ვმასპინძლობთ პრემიერის პირველ ვიზიტს საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დატოვე კომენტარი