ნიკოლოზ ვაჩეიშვილი - დავით ნარმანიას დროიდან კოეფიციენტების გადამეტების შესახებ თემა დეკლარაციის დონეზე ყოველთვის აქტუალურია
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი - დავით ნარმანიას დროიდან კოეფიციენტების გადამეტების შესახებ თემა დეკლარაციის დონეზე ყოველთვის აქტუალურია

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებაზე, კოეფიციენტების მატებისა და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვის აკრძალვის შესახებ აცხადებს, რომ ჯერ კარგად უნდა ნახოს, რა ინიციატივაზეა საუბარი, იქნება ეს რეალური, თუ მხოლოდ საუბრის თემა.

ვაჩეიშვილის განცხადებით, თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას დროიდან ეს თემა დეკლარაციის დონეზე ყოველთვის აქტუალურია.

„ამგვარი ინიციატივა დეკლარირებულად დავით ნარმანიასაც ჰქონდა, მაგრამ რეალობა სხვა იყო. კანონში იმდენი ხვრელი იყო დარჩენილი, რომ თბილისში კოეფიციენტის გადამეტება ხდებოდა. კარგად უნდა ვნახოთ, რაზეა საუბარი. აქაც არ იყოს მხოლოდ პიარზე ლაპარაკი. არსებითია მსგავსი ქმედება, როდესაც ისტერიულად ხდება ზონირების ცვლილება და ამ ზონების მასიურად შეცვლის მერე მივიღებთ გენგეგმას, ანუ ტაშის დაკვრამდე კარგად უნდა ვნახოთ, რა ინიციატივაზეა საუბარი, ეს რეალური იქნება, თუ მხოლოდ საუბრის თემა.

მაგალითად, ნარმანიას დროს, კოეფიციენტების გადამეტების მიმართულებით​ თავის დროზე იყო საგამონაკლისო მუხლი. ეს არ ეხებოდათ სასტუმროებს და აღმოჩნდა, რომ უამრავი სასტუმრო აშენდა ქაღალდზე. ეს რეალურად იყო მულტიფუნქციური ნაგებობები, რომლებმაც გადააჭარბეს კოეფიციენტს. ამიტომ, ვიმეორებ, ნარმანიას დროიდან ეს თემა დეკლარაციის დონეზე ყოველთვის მუსირებს“, – განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება კოეფიციენტების მატებასა და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვასთან დაკავშირებული პრაქტიკა.