2013 წლამდე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე შეღავათები შესაძლოა, მთელ საქართველოზე გავრცელდეს
2013 წლამდე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე შეღავათები შესაძლოა, მთელ საქართველოზე გავრცელდეს

2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის კონკრეტული შეღავათები, რომელსაც ამ ეტაპზე თბილისის მერიის პროგრამა მოიცავს, შესაძლოა, მთელ ქვეყანაზე გავრცელდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„არ შემიძლია, ხაზგასმით არ აღვნიშნო, რაზეც კახა კალაძეც ისაუბრებს, მერიის პროგრამა, რომელზეც ახლა ვფიქრობთ, რომ გავავრცელოთ საერთოდ ქვეყანაზე, 2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის კონკრეტული შეღავათების გაკეთება. ვიცი, რომ ცხრა პროექტი უკვე განხილულია და დაკმაყოფილებულია და ეს დაახლოებით 3 500 ოჯახზეა. უკვე განხილვაშია 30 პროექტზე მეტი. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის ხალხია, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში რაღაც ხარჯი გაიღო, ელოდებოდა, რომ საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებდა, საკუთრება ექნებოდა, ბინა ექნებოდა, საცხოვრებელი ადგილი ექნებოდა და სამწუხაროდ, აი, ასე მოხდა. განსაკუთრებით ეს ეხება 2008 წლის კრიზისის შემდგომ დამძიმებულ მდგომარეობას და კრიზისში შესულ სამშენებლო კომპანიებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, აბსოლუტურად გონივრული გააზრებული ნაბიჯია, რომ მეოთხე ანტიკრიზისული პროგრამა სამშენებლო და დეველოპერულ სექტორს ეძღვნება.

„ეს არ არის მხოლოდ მშენებლობისა და დეველოპერების დახმარება, ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის დახმარება, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში გადაწყვიტა თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან პრემიერის თქმით, მთავრობა მიმართავს 150 მილიონ ლარს წლის ბოლომდე, რათა დააკონტრაქტოს დევნილებისთვის, დამატებით 1800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ამ კრიზისის პერიოდში დახმარებების კონკრეტული ნაბიჯებით ბევრი სოციალური ჯგუფი მოვიცავით და ხშრად იყო შეკითხვა, რომ დევნილები დაგვრჩნენ ყურადღების გარეშე. ჩვენ ახლა ამ ჩავარდნას ვაკომპენსირებთ. მთავრობა მიმართავს 150 მილიონ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისთვის დამატებითი 1800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დევნილები, დაახლოებით 1800 ოჯახი, დაახლოებით 6 ათასი ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას. რა თქმა უნდა, ეს იქნება პირდაპირი დახმარება ლიკვიდობით, პირდაპირი მოთხოვნის დაკმაყოფილება სამშენებლო კომპანიებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს.