ნიკოლოზ მჭედლიშვილი - „ოქროს სიის“ კომპანიებისაგან აჟიოტაჟი, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ მეჩვენება
დიდი ბოდიში ჩემს მეგობარ ბიზნესმენებთან, მაგრამ ვერ გამიგია მათი „ისტერიული“ კომენტარები განბაჟების ხუთდღიანი პროცედურის შემოღებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის მრჩეველი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ერთჯერადად 25 დღით განბაჟების თანხის გადახდის თარიღის წინ გადმოწევა ვერანაირ პრობლემას ვერ შექმნის მათთვის, მით უმეტეს, რომ დანარჩენი ბიზნესი ქვეყანაში ასე ფუნქციონირებს. „ოქროს სიის“ კომპანიებისაგან ასეთი აჟიოტაჟი ცოტა არ იყოს სასაცილოდ მეჩვენება.
როცა ლობირებ რაღაცას, უნდა იცოდე, რომ ამ საკითხის ლობირება მართლა გიღირს. ხოდა, ამ შემთხვევაში, მეჩვენება, რომ ის ბიზნესმენები ტყუილად ხარჯავენ თავიანთ ავტორიტეტს ამ საკითხის გარშემო. მერე, უფრო მნიშვნელოვან რამეზე რომ დასჭირდეთ ფინანსთა სამინისტროში მისვლა, შეიძლება, იმ მნიშვნელოვან საკითხზე ჩინოვნიკებმა აღარ დაუჯერონ, რადგან ავტორიტეტი ისეთივე რესურსია, განსაკუთრებით ლობირების დროს, როგორც წყალი და ბენზინი, ანუ შეიძლება გამოილიოს.
ძალიან მარტივია ეს ყველაფერი.
ერთადერთი, რაშიც შეიძლება, მიედავო ფინანსთა სამინისტროს, მინიმუმ სამი თვით ადრე უნდა გაეფრთხილებინა ეს კომპანიები, რომ მათ მოსამზადებელი დრო ჰქონოდათ“, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი „ფეისბუქზე“.