ხორბლის იმპორტიორების გარდა, დღეიდან „ოქროს სიის“ მონაწილეებს გადასახდელების გადახდის ვადებთან დაკავშირებული შეღავათები გაუუქმდათ
ხორბლის იმპორტიორების გარდა, დღეიდან „ოქროს სიის“ მონაწილეებს გადასახდელების გადახდის ვადებთან დაკავშირებული შეღავათები გაუუქმდათ

„ოქროს სიის“ მონაწილე არააქციზური საქონლის იმპორტიორები იმპორტის გადასახდელს ერთი თვის ნაცვლად, ხუთ დღეში გადაიხდიან. ამ კატეგორიის საქონელზე ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის 31 მაისის ბრძანებაში ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილება დღეიდან შევიდა ძალაში.

უფრო ადრე კი, 12 ივნისს, აღნიშნული შეღავათები აქციზური საქონლის იმპორტიორებს გაუუქმდათ.

„ოქროს სიაში“ მყოფ კომპანიებს საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას გამარტივებული პროცედურებითა და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადებით სარგებლობა შეეძლოთ. კერძოდ, „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე იმპორტის გადასახდელების ვადად 30 დღე იყო განსაზღვრული. ამ უპირატესობით „ოქროს სიაში“ მყოფი 217 კომპანია სარგებლობდა.

ცვლილებებით კი, ყველა კომპანია დაბეგვრის ერთიანი რეჟიმით ისარგებლებს და გადასახდელებს, საქონლის გაშვებიდან, 30 დღის ნაცვლად, ხუთი დღის ვადაში გადაიხდის.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, „ოქროს სიასთან“ დაკავშირებით მხოლოდ მსხვილი კომპანიებისთვის შეღავათი არ იყო მისაღები, ვინაიდან არათანაბარ პირობებში აყენებდა დაახლოებით 50 000 კომპანიას.

გამონაკლისია მხოლოდ ხორბლის იმპორტი, ამ პროდუქტზე იმპორტის გადასახდელის 45-დღეში გადახდის შეღავათები შენარჩუნდა. ეს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროში ქვეყანაში ხორბლის მარაგების არსებობის აუცილებლობით ახსნეს.

დატოვე კომენტარი