ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე - საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-ი ანგარიშში ხაზს უსვამს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს
საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-ი ანგარიშში ხაზს უსვამს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.
მისი თქმით, ანგარიშში დასახელებულია ის ფაქტორები, რაც აღნიშნულ რეიტინგს და სტაბილურ პერსპექტივას განაპირობებს, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები როგორც ბოლო წლების, ისე 2026 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში.
„გასათვალისწინებელია, რომ, ანგარიშის თანახმად, საკრედიტო სარეიტინგო კომპანია საშუალოვადიან პერიოდში, ასევე პროგნოზირებს საქართველოს ეკონომიკის მაღალ ზრდას იმავე რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან მიმართებით, პოტენციურ ზრდასთან დაახლოების პერსპექტივით. ანგარიშში ხაზგასმულია მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სტრუქტურული რეფორმებისა და ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების როლი, განსაკუთრებით, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.