ნიკოლოზ გაგუა - სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას
ნიკოლოზ გაგუა - სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას

ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორთა საბჭო პოზიტიურად აფასებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და მიიჩნევს, რომ ფისკალური დეფიციტი ნორმის ფარგლებშია, გაზრდილია ეკონომიკური აქტივობა, გაძლიერებულია ქვეყნის საგარეო პოზიცია.

ეს განცხადება ნიკოლოზ გაგუამ სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“ განაცხადა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე, მიუთითებს იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ არის ქვეყნის ეკონომიკაში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული და ინიცირებული რეფორმები სრულად პასუხობს ამ გამოწვევებს. ფონდის აზრით, 2017 და 2018 წლებში, ჩვენ მიერ მიმდინარე ხარჯების შემცირებისა და პირდაპირი გადასახადების არაპირდაპირი გადასახადებით ჩანაცვლების შედეგად, შესაძლებელი გახდა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა, გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დაჩქარდა ეკონომიკური ზრდა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ.

მისი განცხადებით, სტრუქტურული რეფორმების პაკეტში აქცენტი კეთდება განათლების, ინფრასტრუქტურისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის საჭირო სტრუქტურულ რეფორმებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ ანგარიშში ხაზს უსვამს აღნიშნული ტიპის რეფორმების საჭიროებას. სავალუტო ფონდის შეფასებით, ქვეყანაში ინიცირებული სტრუქტურული რეფორმების პაკეტის განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, საწყის ეტაპზე,  დაახლოებით, 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო შემდგომში, ხუთი პროცენტით. აღნიშნული ზრდა მოხდება ინვესტიციებისა და მწარმოებლურობის ზრდის ხარჯზე, რაც არის ძალიან პოზიტიური სიგნალი კერძო სექტორისათვის“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული მთავრობის გადაწყვეტილებები ისეთი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც მიზნად ისახავს საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება/გაუმჯობესებასა და ბიზნესგარემოს შემდგომ განვითარებას, ექსპორტის დივერსიფიკაციის, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის გზით.