ნიკოლოზ გაგუა - იმედი გვაქვს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მომავალ თვეებში გაუმჯობესების ტენდენციას გამოავლენს
სავალუტო ფონდმა გუშინდელ ანგარიშში გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, იმედი გვაქვს, რომ მომავალი თვეები გაუმჯობესების ტენდენციას გვაჩვენებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო 2021 წელს, დაახლოებით 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.
„ყველას მოგეხსენებათ, რამდენად დიდი პრობლემის წინაშე დადგა მსოფლიო ეკონომიკა პანდემიური მოვლენების განვითარების შედეგად და ბუნებრივია, გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. მიმდინარე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური კლებები დაფიქსირა, თუმცა ბოლო პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლები მეტნაკლებად დასტაბილურდა და ბოლო თვეს 5,5 პროცენტით კლება იყო მხოლოდ წინა თვეებთან განსხვავებით. ჩვენი პროგნოზები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ისევ რჩება – 4, -5 პროცენტის ფარგლებში. მოგეხსენებათ, სავალუტო ფონდმა გუშინდელ ანგარიშში გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, იმედი გვაქვს, რომ მომავალი თვეები გაუმჯობესების ტენდენციას გვაჩვენებს. 2021 წელს ველოდებით დაახლოებით 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას. აზიის განვითარების ბანკმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, დაახლოებით 4,5 პროცენტიანი ეკომომიკური ზრდა, ხოლო სავალუტო ფონდი ჩვენს 5 პროცენტიან მაჩვენებელს ეთანხმება. ფონდი განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავს, საქართველოს წარმატებას ეკონომიკურ რეფორმებთან მიმართებაში და განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როდესაც ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები მივიღეთ“, – განაცხადა გაგუამ.
ფინანასთა მინისტრის მოადგილემ სავალუტო ფონდთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაგეგმილი მომავალში, მაგალითად გამოვყოფდი ჩვენს მიერ ინიცირებულ სახელმწიფო საწარმოების რეფორმას, რომელიც ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების დანერგვას სახელმწიფო საწარმოების მართვასთან მიმართებაში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავალუტო ფონდი არის ერთ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც ჩვენთან ერთად არის და ეს გარკვეულწილად გარაანტიაა იმისა, რომ რეფორმა წარმატებული იქნება.“, – განაცხადა გაგუამ.