ნიკოლოზ გაგუა - საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასებაა
საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასებაა, – ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეიტინგი პოზიტიური სიგნალია საქართველოს ეკონომიკით დაინტერესებული ინვესტორებისთვის და ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას აჩვენებს.
„ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ფონზე, რეგიონში ყველა ქვეყანას რეიტინგის შემცირების ტენდენცია აქვს და ამ პერიოდში მხოლოდ საქართველოა ქვეყანა, რომელმაც მაღალი რეიტინგის მიღწევა შეძლო. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ვითარდება და აქვს წინსვლა იმ მიმართულებით, რომელიც აღნიშნულია რეიტინგში – იქნება ეს მედეგობა საერთაშორისო რისკების მიმართ, თუ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს საინვესტიციო რეიტინგი, სადამდეც ჩვენ ორი ნაბიჯი გვაშორებს. საინვესტიციო რეიტინგის მიღწევის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივი მაჩვენებელი და სწორედ ეს არის ჩვენი მოლოდინი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ (Standart & Poor’s) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე (ბიბი) გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. ეს პირველი გაუმჯობესებაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს რეიტინგი „BB-“ (ბიბი მინუსი) მიენიჭა.