რომან კაკულია - საკრედიტო რეიტინგი ნიშნავს გარანტიას, რომ ქვეყანაში არის გარემო, სადაც ინვესტირება ღირს
რომან კაკულია - საკრედიტო რეიტინგი ნიშნავს გარანტიას, რომ ქვეყანაში არის გარემო, სადაც ინვესტირება ღირს

საკრედიტო რეიტინგი ნიშნავს გარანტიას, რომ ქვეყანაში არის გარემო, სადაც ინვესტირება ღირს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, რომან კაკულიამ განაცხადა სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, საქართველოში დიდი ენერგია იხარჯება ყველაფრის ნეგატიურ კონტექსტში წარმოსაჩენად, ამიტომ საქართველოსნაირ ქვეყანაში, მსგავს შეფასებებში შინაარსზე მეტად, პირველ რიგში მნიშვნელოვანია შემფასებლის მიუკერძოებლობა და კომპეტენტურობა.

როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, შეფასებაში მთავარი აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური განვითარების მდგრადობაზე, რაც ყველაფრის საფუძველია.

„რადგან ჩამოთვლილია ყველა რეფორმა, რომლის თაობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – საპენსიო რეფორმა, განათლებისა და საგადასახადო რეფორმა, კერძო და საჯარო თანამშრომლობა, გარედან მოზიდული თანხების ინფრასტრუქტურაში ჩადება – ნიშნავს, რომ ეს სწორი მიმართულებაა. გამოწვევებიც ძალიან მკაფიოდ არის დანახული საგარეო ვალთან და მიმდინარე ანგარიშთან დაკავშირებით. ვალის შემცირების ტენდენცია დანახულია 2021 წლიდან, რაც თავისთავად კარგია. ეს სპეციფიკური მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაციაა. ადამიანმა, რომელსაც ყოველდღიური პრობლემა აქვს, კარგად რომ გაიგოს რაზეა ლაპარაკი, განვმარტავ, საუბარია იმაზე, რომ ქვეყნისთვის, სადაც შეზღუდული რესურსებია და ასე მძაფრად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნიდან რესურსების მოზიდვაზე, საკრედიტო რეიტინგის არსებობა ნიშნავს გარანტიას ამ ადამიანებისთვის, რომ აქ არის გარემო, სადაც ინვესტირება ღირს, ეს ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარებას უკავშირდება“, – განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება კითხვას, რომ შეფასებაში რუსეთის ფაქტორსა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ სტაბილურობის საკითხზეცაა ყურადღება გამახვილებული, დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბევრს აკეთებს ეკონომიკის განვითარების მთავარი მოცემულობის შენარჩუნებისთვის.

„ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ხელისუფლება, ძალიან ბევრ კომპრომისზეც მიდის, რომ ეკონომიკის განვითარების ეს მთავარი მოცემულობა იყოს შენარჩუნებული. ამას უკავშირდება ზუსტად რუსეთთან ურთიერთობის პრაგმატულობის ის გაგება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამასვე უკავშირდება ჩვენი ძალიან მოკრძალებული ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ საინვესტიციო გარემო აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ და პოლიტიკური სტაბილურობა ცხადია, არის ნიშანი, რომლის გარეშეც ვერაფერი განვითარდება“, განაცხადა დეპუტატმა, რომან კაკულიამ.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ (Standart & Poor’s) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე (ბიბი) გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. ეს პირველი გაუმჯობესებაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს რეიტინგი „BB-“ (ბიბი მინუსი) მიენიჭა.

ამასთან, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია რუსეთის ავიასანქციების გაუქმების შესაძლებლობაზეც საუბრობს.