ნიკოლოზ გაგუა - დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმის ფარგლებში უკვე 226 მილიონი ლარია დაბრუნებული
ფინანსთა მინისტრ ნიკოლოზ გაგუას თქმით, დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, ექვსი თვის მდგომარეობით, დაბრუნებულია 226 მილიონი ლარი, რაც უკვე აღემატება 2017 წლის წლიურ მაჩვენებელს.
ეს განცხადება მინისტრმა „ქორთიად მარიოტში“ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში შეფასდა.
ბრიფინგს ნიკოლოზ გაგუას გარდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო ესწრებოდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ნიკოლოზ გაგუას თქმით, დადებითი დინამიკაა საგადასახადო შემოსავლების კუთხით.
„ჩვენ ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ექვსი თვის მაჩვენებელს 140 მილიონ ლარზე მეტი გადაჭარბებით შევასრულებთ. ასე რომ, გაგრძელდება ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის გაძლიერებას, მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.