ნიკოლოზ ჩხეტიანი - ვიწყებთ ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას, ფონდი „ქართუ“ ასრულებს დანაპირებს, ახორციელებს უპრეცედენტო, ერთი მილიარდი ევროს დონაციას განათლებაში
ნიკოლოზ ჩხეტიანი - ვიწყებთ ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას, ფონდი „ქართუ“ ასრულებს დანაპირებს, ახორციელებს უპრეცედენტო, ერთი მილიარდი ევროს დონაციას განათლებაში

დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. ვიწყებთ უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფონდი „ქართუ“ ასრულებს დანაპირებს და ახორციელებს უპრეცედენტო, ერთი მილიარდი ევროს დონაციას განათლებაში.

„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. 2016 წელს ჩვენ დავიწყეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი, 2018 წელს ამ ადგილას, სადაც მაშინ გაუვალი ჭაობი იყო, ჩვენ დავიწყეთ ფართომასშტაბიანი მშენებლობა. 2020 წელს უნივერსიტეტმა უკვე მიიღო პირველი სტუდენტები, ხოლო დღეს ჩვენ ვიწყებთ უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას.

ფონდი „ქართუ“ ასრულებს თავის დანაპირებს – უპრეცედენტო ისტორიული დონაცია განათლებაში, ერთი მილიარდი ევრო, რის შესახებაც გაცხადდა რამდენიმე წლის წინ, ეტაპობრივად და გეგმაზომიერად ხორციელდება. ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიის მქონე ორი ამაჩქარებლით, აბსოლუტურად სხვა პოზიციონირებას გაუკეთებს არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ ჩვენს ქვეყანას და აიყვანს სხვა დონეზე როგორც მედიცინაში, ისე ფუნდამენტალურ მეცნიერებაში. გაიხსნება ახალი პერსპექტივები როგორც ქუთაისისთვის, ისე მთელი გარშემო რეგიონისთვის.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ყველა წევრს, ყველა ადამიანს, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროექტში და ყოველდღიური დაუღალავი შრომით ხორცს ასხამს უნივერსიტეტის იდეას. ჩვენ თვალწინ აქ, ქუთაისში იქმნება თანამედროვე საგანმანათლებლო ჰაბი, რომელიც მოემსახურება როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს. ჩვენ თამამად ვიმეორებთ ყველგან ჩვენი უნივერსიტეტის დევიზს, ქუთაისი არის ადგილი, სადაც განათლება ქმნის მომავალს. ჩვენი პროექტი აფართოებს ჰორიზონტს, ჩვენი პროექტი ქმნის ახალ რეალობას და ცვლის მას. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ჩვენ სიამაყით ვეტყვით ჩვენს შვილებს, რომ ჩვენ ამ დიდი პროექტის ნაწილი ვიყავით“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.