ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვილს მიმართა - ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ, მიყვარხარ და მენატრები, მადლობა ქართველ გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის [ვიდეო]

ლუკას, მამიკო, მინდა, რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, – ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მოგების შემდეგ ეს სიტყვები ქართულად წარმოთქვა.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა. ფინალში ბასილაშვილმა ორ სეტში ისე მოუგო ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა – 7:6(5), 6:2. მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილისთვის ეს იყო მეექვსე ფინალი ATP-ის ტურნირებზე. პირველი ორი ფინალის წაგების შემდეგ, მან ზედიზედ ოთხი გადამწყვეტი მატჩი მოიგო ორჯერ ჰამბურგში, პეკინში და ახლა დოჰაში.

კარიერაში მეოთხე ტიტულის მოგების შემდეგ, ბასილაშვილი ხუთ საფეხურს მოიგებს ATP-ის კლასიფიკაციაში და მსოფლიოს 37-ე ჩოგანი გახდება.