ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა ხვალ გაგრძელდება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ბასილაშვილის საქმეს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა იხილავს. პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა.
საქართველოს პირველი არხი ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს, ირმა ჭკადუას დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, ბასილაშვილი სხდომას, სავარაუდოდ, ონლაინრეჟიმში დაესწრება.
ამასთან, ირმა ჭკადუა არ გამორიცხავს, რომ საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს და ამ მოტივით, სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენოს. ადვოკატი დამატებით რაიმე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე „ბ“ ქვეპუნქტით ედება, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს, 24 მაისს კი 100 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.