მიხეილ სააკაშვილი - სასოწარკვეთაში ვვარდები, როცა ლაპარაკობენ პარტიულ განსხვავებებზე, მზად ვართ ნებისმიერი დათმობისთვის, ნეიტრალური ნომერი, საერთო სია, ასეთი სიმშვიდე, როგორც მთავრობას უნდა, სასაფლაოზეა
მიხეილ სააკაშვილი - სასოწარკვეთაში ვვარდები, როცა ლაპარაკობენ პარტიულ განსხვავებებზე, მზად ვართ ნებისმიერი დათმობისთვის, ნეიტრალური ნომერი, საერთო სია, ასეთი სიმშვიდე, როგორც მთავრობას უნდა, სასაფლაოზეა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს ერთობა არის მთავარი და ყველა თაობამ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა.

„მე არ მესმის და სასოწარკვეთაში ვვარდები ხოლმე, როდესაც იწყებენ  ლაპარაკს ისევ პარტიულ განსხვავებებზე. მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია, ქვეყანას ვკარგავთ. საქართველო იღუპება, საქართველო აღარ იქნება მსოფლიო რუკაზე, ვის გაახსენდება თქვენი პარტიები და პროგრამები? როგორც არასდროს, ჩვენ დღეს გვჭირდება ყველა განსხვავების, ყველა წყენის, ყველაფრის დავიწყება. მინდა, ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ყოველთვის ხმას აძლევდა ივანიშვილს – ერკემალი მიდის წინ და ცხვრებს მიერეკება პირდაპირ უფსკრულისკენ. გამოეყავით ამ ფარას, ნუ იქნებით ცხვრები და ყველამ ერთად ვიფიქროთ, როგორ ხედავთ მომავალ საქართველოს. ამის გარეშე არაფერი გამოვა. როგორ ხედავთ თქვენ განვითარებას თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, თუ ქვეყანაზე არ ფიქრობთ, თქვენს თავზე იფიქრეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანაზე ფიქრობთ და ქვეყანა გიყვართ. მინდა, ყველას ვუთხრა, როდესაც არ გვქონდა ერთობა, შევარდნაძე იძულებული იყო და ქვეყანა შეიყვანა დსთ-ში. უბრალოდ, მაშინ რუსეთი არ იყო საკმარისად ძლიერი, რომ მთლიანად ჩავეყლაპეთ და ახლა უკვე ჩაგვყლაპავს. შემდეგ ჩვენ რომ მოვედით ხელისუფლებაში, ორ წელიწადში საქართველოში ჩამოვიყვანე ჯორჯ ბუში, რომელიც ცეკვავდა საქართველოს მოედნებზე. შემდეგ ჩვენ გამოვედით დსთ-დან და მთლიანად დავშალეთ ეს ორგანიზაცია. საქართველომ დაშალა, საქართველო იყო სუბიექტი. ჩემი ფილოსოფია არის, რომ თითოეული მოქალაქე უნდა იყოს სუბიექტი საკუთარ ქვეყანაში თავისი ბედის განკარგვის და თავისი ქვეყნის ბედის განკარგვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ახლა მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია და უყურებს, რა ხდება საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მისი ინტერვიუები ქვეყნდება მსოფლიოს წამყვან ჟურნალებში და ყველამ უნდა იბრძოლოს იქიდან, საიდანაც შეუძლია.

„ჩემი მოწოდება არის ერთიანობისკენ. ჩვენ ვართ მზად, ნებისმიერ დათმობაზე წავიდეთ, ყველაფრის გვერდზე დადებისკენ – ნეიტრალური ნომერი, საერთო სია. ყველამ უნდა გავაგონოთ საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოს, რადგან მსოფლიო აღტაცებით უყურებს საქართველოს. რამდენადაც ჩვენ ვიქნებით აქტიური, მით უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება. ერთიანი, მტკიცე ძალა არის ის, რაც აიძულებს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები. მათ უკვე გვითხრეს, რომ ქვეყანა უნდა დაამშვიდონ. ქვეყნის დამშვიდება ეს არის დიქტატურის ახალი განმარტება. ასეთი სიმშვიდე, როგორც მათ უნდათ, სასაფლაოზეა. მათ უნდათ საქართველოს მოკვლა და ამგვარი დამშვიდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.