ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ – ამის შესახებ სომხეთის ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ ხელმძღვანელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. რადიო თავისუფლების სომხური ბიუროს შეკითხვაზე, მიდის თუ არა პროცესი მომდევნო 7 დღეში ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევისკენ, ფაშინიანმა უპასუხა, რომ დე-იურე უნდა გაიმართოს ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევნები , წინააღმდეგ შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
„ჩვენ სცენარებს ნებისმიერი შემთხვევისთვის ვაანალიზებთ. ხედავთ რა ხდება? ხალხი, რომელმაც გამარჯვების სუნთქვა იგრძნო, ამას ხელიდან აღარ გაუშვებს“ ,- აღნიშნა საპროტესტო აქციების ხელმძღვანელმა.
ფაშინიანის თქმით, ვინ უხელმძღვანელებს მთავრობას, ეს მხოლოდ მხოლოდ ტექნიკური პროცესია, თუმცა ხელისუფლებისა და მოსახლეობის ურთიერთობები ძველებური აღარ იქნება.
შეგახსენებთ, სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას. დღეს სომხეთის ოპოზიციამ საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციები განაახლა. ფაშინიანის მომხრეებმა დილიდან გზები გადაკეტეს.