ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია შსს-ს შენობასთან დასრულდა
ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია შსს-ს შენობასთან დასრულდა

ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დასრულდა. აქციას „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები მართავდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი  აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მმართველობას, გადაადგილებაზე შეზღუდვას, ასევე ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს და შს მინისტრის გადაყენებას.

„კომენდანტის საათი თავიდან ბოლომდე არის უსამართლო, რასაც ეს ხელისუფლება იყენებს რეჟიმის შესანარჩუნებლად. არ დავუშვებთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე. შს სამინისტროსთან მოვედით, რადგან გომელაური უნდა გადადგეს, საქართველოში უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომლითაც აირჩევა დემოკრატიული და კოალიციური მთავრობა. ვერც დაჭერებით გაგვაჩერებენ, ვერც ჯარიმებით, რადგან ჩვენ მხარეს არის სიმართლე და ესენი ემსახურებიან ბნელ მხარეს“,- განაცხადა „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი მუმლაძემ.

შს სამინისტროს შენობასთან მისვლამდე აქტივისტებმა აქცია გამართეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც მცირე ინციდენტი მოხდა. აქციის მსვლელობისას პარკინგის ტერიტორიაზე მონაწილეები წარწერებს აკეთებდნენ, რა დროსაც ვითარება დაიძაბა. პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.