სომხეთში ოპოზიციამ საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციები განაახლა [ფოტო]
სომხეთში ოპოზიციამ საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციები განაახლა [ფოტო]

სომხეთის ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები დღეს დილიდან გზების გადაკეტვას შეუდგნენ. ოპოზიციამ საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციები განაახლა.

დემონსტრანტებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესასვლელი მანქანებით გადაკეტეს. ჩახერგილია გზა „ზვარტნოცის“ აეროპორტისკენ. ერთ-ერთ გზატკეცილზე აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. დემონსტრაციები იმართება ერევნის სხვა ნაწილშიც. ქუჩებში კვლავ გამოვიდნენ სტუდენტები.

მას შემდეგ, რაც გუშინ მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ- მინისტრად არჩევას მხარი არ დაუჭირა, მან მომხრეებს მოუწოდა საყოველთაო გაფიცვა დაიწყონ, გადაკეტონ აეროპორტისკენ მიმავალი და სახელმწიფოთაშორისო გზები. ასევე დაბლოკონ მეტროპოლიტენი, სარკინიგზო მაგისტრალები და ქუჩები.

ოპოზიციის ლიდერმა მოსახლეობას მოუწოდა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საწარმოებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში გაფიცვა გამოაცხადონ.