ნიკო კახეთელიძე - ძალიან მომწონს 11 ჩარჩო გეგმა, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანს კრიტერიუმებს ანიჭებს და რომლის მიხედვითაც, ქაოსური განაშენიანება არ მოხდება
ძალიან მომწონს 11 ჩარჩო გეგმა, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანს კრიტერიუმებს ანიჭებს და რომლის მიხედვითაც, ქაოსური განაშენიანება არ მოხდება, როგორც აქამდე ხდებოდა, – ამის შესახებ ურბანისტმა, ნიკო კახეთელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„თბილისმა შემოიერთა ირგვლივ არსებული სოფლები – წავკისი, შინდისი და ა.შ, სადაც კერძო სექტორია და ჩემი აზრით, ცოტა უგემოვნო, უსისტემო მშენებლობა მიმდინარეობს. ამ პროცესების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, 11 ჩარჩო გეგმა რეალიზებული იქნება და ეს ქალაქს ძალიან წაადგება“, – განაცხადა კახეთელიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გარდა 11 ადგილისა, სადაც ქაოტური განაშენიანება შეიზღუდება, არის თუ არა თბილისში კიდევ სხვა ლოკაციები, რომელთა გენგეგმაში გათვალისწინებაც მნიშვნელოვანი იქნებოდა, ნიკო კახეთელიძემ განაცხადა, რომ მართვა და სისტემაში მოქცევა სჭირდება გარეუბნებსაც, სადაც მშენებლობებმა გადაინაცვლა და, სადაც შიგადაშიგ, ქაოტური განაშენიანების პროცესები იწყება.
„ეს ყველაფერი სისტემაშია მოსაყვანი და დარწმუნებული ვარ, მიღებული გენგეგმა ამას დაარეგულირებს. რა თქმა უნდა, ამას გარკვეული ძალისხმევა დასჭირდება როგორც მერიის სამსახურების, ისე საკრებულოსი. გასაწერია უამრავი წესი, თუ როგორ უნდა იმოქმედოს კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულმა გადაწყვეტილებამ. ამის შემდეგ მივიღებთ გარკვეულ სისტემას, რაც ქალაქში არსებულ სიტუაციას დაალაგებს“, – განაცხადა ნიკო კახეთელიძემ.