ვახტანგ შაქარიშვილი - მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, ჩემი რეაქციისთვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი
ვახტანგ შაქარიშვილი - მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, ჩემი რეაქციისთვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი

მე ვთხოვ საზოგადოებას გაცხარება მომიტევოს, – ეს განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ შაქარიშვილმა დღეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის განხილვის დროს მომხდარ ინციდენტზე გააკეთა.

მისი თქმით, ოპოზიციამ კონსტრუქციული, პროფესიული საჯარო განხილვის შეთავაზებაზე არაადეკვატური შემხვედრი ნაბიჯი გადმოდგა.

„მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, ჩემი რეაქციისათვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა იყოს საერთო კონსენსუსის და შეთანხმების დოკუმენტი. ოპოზიციის მხრიდან კი იყო გაყოფის და დაპირისპირების მცდელობა,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება და დაესვათ კითხვები.

„ამის ნაცვლად კი, მათ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს საქმიანი განხილვა და წარმოდგენის გამართვა სცადეს. სწორედ ამაზე მქონდა რეაქცია, რაც რომელიმე კონკრეტული პირის მისამართით არ იყო მიმართული,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვას შეხვედრის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.