მაია ბითაძე - იგეგმება თუ არა ელიავას ბაზრობის გადატანა, ეს ჩარჩო გეგმამ უნდა გვითხრას
მაია ბითაძე - იგეგმება თუ არა ელიავას ბაზრობის გადატანა, ეს ჩარჩო გეგმამ უნდა გვითხრას

იგეგმება თუ არა ელიავას ბაზრობის გადატანა, ეს ჩარჩო გეგმამ უნდა გვითხრას, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ერთმნიშვნელოვანია ის, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორია მოსაწესრიგებელია სატრანსპორტო წვდომის, წარმოშობილი მტვრის კონტროლის და არაორგანიზებული მოწყობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ბითაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორია კერძო მფლობელობაშია, მიმდინარეობს თუ არა შეხვედრები იმ ადამიანებთან, რომლებიც ბაზრობაზე არიან დასაქმებული და ბაზრობის გადატანის შემთხვევაში შესაძლოა, გარკვეული შეფერხებები შეექმნათ, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ელიავას ბაზრობისა და მის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებით ჩარჩო გეგმის ფარგლებში იქნება მიღებული, კერძო მესაკუთრეების და იქ დასაქმებული ადამიანების ინტერესების აბსოლუტური დაცვით იქნება გადაწყვეტილი.

„გამორიცხულია, გადაწყვეტა სხვანაირად მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყდა, რომ ეს ბაზრობა სხვა ადგილას უნდა იქნას გადატანილი, ეს სამართლიანობის აბსოლუტური დაცვით და კომპენსაციის, ადგილმონაცვლეობის შეთავაზებით მოხდება. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და აღარ არის ის დრო, როცა ქონების ჩამორთმევა, თუ ადამიანთა ბედის გადაწყვეტა ერთი ხელის მოსმით ხდებოდა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერის მოადგილემ ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორიების გასამმაგებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ მოხდება განაშენიანება იმ პირობებში, როცა ასათვისებელი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამად კერძო საკუთრებაშია, მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ დიღმის ტყე-პარკში არის უნიკალური ტერიტორიები, რომლის ძალიან დიდი ნაწილი გაყიდულია, მაგრამ კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ ეს ტერიტორიები დედაქალაქს დაუბრუნდეს.

„ბუნებრივია, მიმდინარე წლის ბიუჯეტით ეს გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ეს აუცილებლად განხორციელდება. ეს საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. ანუ, ხარკს ვიხდით იმაში, რაც არ უნდა გაყიდულიყო, რადგან ეს არის ტყე-პარკი, რომელიც უნიკალური ეკოსისტემაა არა მხოლოდ იმ უბნისთვის, არამედ მთლიანი ქალაქისთვის“, – განაცხადა მაია ბითაძემ.