ნიგერში შეიარაღებული თავდასხმის დროს 70-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ნიგერში შეიარაღებული თავდასხმის დროს 70-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იუწყება. როგორც ცნობილია, შეიარაღებული თავდასხმა მალის საზღვართან ახლოს არსებულ სამხედრო ბაზაზე მოხდა.
თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე კი ქვეყნის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც აფრიკულ ქვეყანაში ორი წლის წინ დააწესეს. საგანგებო მდგომარეობის დაწესების მიზეზი ქვეყანაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები გახდა, რომლებსაც ნიგერის უსაფრთხოების ძალები წლებია ებრძვიან.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ მოძრაობას არ აუღია. თუმცა აღნიშნულ რეგიონში ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ თავდასხმებს საკმაოდ ხშირად ახორციელებს.