ნიგერიის მოქალაქე ბენჟამენ თეიდი ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტს იხსენებს
ნიგერიის მოქალაქე ბენჟამენ თეიდი პირველ არხთან საუბრისას ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტს იხსენებს.
ნიგერიის მოქალაქის თქმით, მეგობრებთან ერთად სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც მათთან საქართველოს მოქალაქეები მივიდნენ და სტადიონის დატოვება სთხოვეს. მისივე თქმით, ქართველ მამაკაცებს ფეხბურთის ერთად თამაში შესთავაზეს, რაზეც ისინი არ დათანხმდნენ და სტადიონი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
„ჩემს მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს. ქართველი მამაკაცები მოვიდნენ და გვითხრეს, მინდორი დაგვეტოვებინა. როდესაც ვკითხეთ – რატომ, გაგვიმეორეს, რომ უნდა დაგვეტოვებინა. ჩვენ შევთავაზეთ, თუ თამაში უნდოდათ, ჩვენთან ერთად ეთამაშათ. არ დაგვეთანხმნენ და შემდეგ ძალით გამოგვიყვანეს. აქ არ იყვნენ ბავშვები. ჩვენ ვთამაშობდით. შემდეგ მოვიდნენ ბავშვები და გვიყურებდნენ. ჩვენ ვუთხარით, თუ ბავშვებს სურთ თამაში, გვითხრან და დავტოვებთ მინდორს. ეს მოხდა გუშინ“, – განაცხადა ბენჟამენ თეიდმა.
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელის მიხედვითაც, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე უცხოეთის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.