ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხო ამხანაგური მატჩი მიმდინარეობს [ფოტო]
ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხო ამხანაგური მატჩი მიმდინარეობს [ფოტო]

საქართველოს მოქალაქეებსა და თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს.

ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე საფეხბურთო მატჩში თბილისის მერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობიაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც მონაწილეობენ.

საფეხბურთო მატჩი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყო.

ა​მხანაგური შეხვედრა 8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ იმართება.

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, სლოგანით – „თამაში ყველასთვის“ – Equal Game, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად, როგორც სანაკრებო, აგრეთვე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს და ტურნირებს პერიოდულად ატარებს. ამასთან, არაერთი სოციალური აქტივობა გასულ და მიმდინარე წელს, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში განხორციელდა.

„ფეხბურთი, როგორც სოციალური მოვლენა ყველა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მთავარი გზავნილი როგორც მოედანზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ, არის თანასწორობა, რომელიც საზოგადოების ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა“, – აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდა და მატჩის ორგანიზების თხოვნით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მიმართა.

8 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.