საქართველოში ნიდერლანდების ელჩი - მართლწესრიგის ოფიცერი, შესანიშნავი იდეაა, ეს არის პოლიციელი, რომელიც ხალხს ეხმარება
საქართველოში ნიდერლანდების ელჩი - მართლწესრიგის ოფიცერი, შესანიშნავი იდეაა, ეს არის პოლიციელი, რომელიც ხალხს ეხმარება

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი იოჰანეს დაუმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მართლწესრიგის ოფიცრის ახალი ინსტიტუტის შექმნას დადებითად აფასებს.

იოჰანეს დაუმი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხი იცნობდეს პოლიციელებს, ვინც მათ იცავს და საქმეებს იძიებს.

„მართლწესრიგის ოფიცერი – ეს არის შესანიშნავი იდეა. ჩვენ საქართველოს შევთავაზეთ გაეზიარებინა ჩვენი გამოცდილება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გაქვთ ამდენი სოფლები, ამდენი უბნები ქალაქებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხი იცნობდეს პოლიციელებს, ვინც მათ იცავს, იძიებს საქმეებს, ვინც თვალყურს ადევნებს, ვინც ამჩნევს სამართალდარღვევებს ქუჩებში და შესაბამის ზომებს იღებს. ეს ზომები შეიძლება იყოს მოსახლეობის გამოკითხვა, მათი მდგომარეობით დაინტერესება, მათი პრობლემების გაცნობა. ეს არის პოლიციელი, რომელიც ხალხის გვერდით დგას და რომელიც ეხმარება ხალხს. მათ აუცილებლად უნდა მოუსმინონ და დააკვირდნენ ხალხს,“ – განაცხადა იოჰანეს დაუმმა.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტთან დაკავშირებით დიპლომატებმა ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. უწყებაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც უწყებაში მიმდინარე რეფორმებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს.

შსს-ს ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში  საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია ხდება, რის შედეგადაც, უბნის ინსპექტორის ნაკლებეფექტიანი მოდელის ნაცვლად თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია ინერგება, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აღნიშნულ რეფორმას მხარს უჭერენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე განაცხადების მიღება გუშინ გამოაცხადა.