მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი მთელი თბილისის მასშტაბით ამოქმედდა [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ინსტიტუტი დედაქალაქის მასშტაბით სრულად ამოქმედდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 50 მართლწესრიგის ოფიცერი გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში დაგეგმილზე ადრე შეუდგა მუშაობას.

ახლად დანიშნულ მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ – შალვა ბედოიძემ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – სულხან თამაზაშვილმა, მისმა მოადგილემ – თეიმურაზ კუპატაძემ და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს უფროსმა – მირიან ქავთარაძემ მიულოცეს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ მართლწესრიგის ოფიცრებს სიტყვით მიმართა და მათი სამსახურის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მართლწესრიგის რეფორმა სრულად განხორციელდა. ყველა რაიონში, თბილისის მთავარ სამმართველოებში სრულად იქნა შეყვანილი მართლწესრიგის ოფიცრები. ძალიან მნიშვნელოვანია მართლწესრიგის როლი საპოლიციო საქმიანობის განხორციელებაში. ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ სრულად გაიმიჯნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების და ოპერატიული საქმიანობის ფუნქცია-მოვალეობები, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს საპოლიციო საქმიანობას“, – განაცხადა შალვა ბედოიძემ.

შსს-ს ცნობით, საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, მიზნად ისახავს პოლიციის პრევენციული საქმიანობის გაძლიერებას. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

მართლწესრიგის ოფიცრების შერჩევა ხდება კონკურსის წესით. კონკურსის შედეგად შერჩეული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიან ინტენსიურ პროფესიულ სწავლებას გადიან და სასწავლო კურსის გავლის შემდეგ იწყებენ მუშაობას. სულ, თბილისის ყველა რაიონში, 365 მართლწესრიგის ოფიცერი იმუშავებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო კონცეფციის სრულყოფილად დანერგვისათვის იგეგმება მართლწესრიგის ოფიცერთა რაოდენობის ეტაპობრივად გაზრდა და ყველა მსხვილი ქალაქში ამოქმედება.