რამდენიმე წლის წინ, მაიას კალენდარზე დაყრდნობით ვრცელდებოდა მრავალი ჭორი, რომ თითქოს, 2012 წელს მსოფლიოს აღსასრული დადგებოდა. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდებოდა ნიბირუ — სავარაუდო პლანეტა, რომელიც ზოგიერთის აზრით, 2012 წლის ბოლოს დედამიწას უნდა შეჯახებოდა. თუმცა, მიუხედავად მთელი ალიაქოთისა, არ არსებობს ამ პლანეტის სამეცნიერო მტკიცებულება და რა თქმა უნდა, 2012 წელს ჩვენი მშობლიური პლანეტა გადარჩა.
მრავალი ბლოგერი ნიბირუს NASA-ს უკავშირებს. ასეთი ბრალდებების გამო, კოსმოსურმა სააგენტომ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 2012 წელს დედამიწას არანაირი პლანეტა არ შეეჯახებოდა.
ზოგიერთი ახსენებდა კიდევ ერთ ჰიპოთეტურ მეცხრე პლანეტასაც, რომელიც შესაძლოა, მართლაც არსებობდეს მზის სისტემის გარე მისადგომებში.
ნიბირუს მითის წარმოშობა
ამბავი 1976 წელს იწყება, როდესაც ამერიკელმა მწერალმა ზაქარია სიტჩინმა დაწერა „მეთორმეტე პლანეტა“ — წიგნი, რომელშიც სიტჩინი შუმერული ლურსმული დამწერლობის საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. მისი თარგმანით, წარწერებში საუბარია პლანეტა ნიბირუზე, რომელიც მზეს გარს უვლის ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ. რამდენიმე წლის შემდეგ, თვითმარქვია ფიზიკოსი ნენსი ლაიდერი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ უცხოპლანეტელები მას მკაცრად აფრთხილებდნენ 2003 წელს დედამიწასთან ამ პლანეტის შეჯახების შესახებ. გავიდა წლები; რა თქმა უნდა, ეს შეჯახება არ მოხდა და თარიღმა 2012 წელს გადაიწია. ამჯერად საქმეში მაიას კალენდარიც ჩართეს.
2011 წელს კომეტა ელენინი აღმოაჩინეს, რამაც მრავალი ადამიანი შეაშფოთა. მიაჩნდათ, რომ ის სწორედ შენიღბული ნიბირუ იყო, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ტელესკოპში პლანეტები და კომეტები აბსოლუტურად სხვადასხვანაირად ჩანს.
თუმცა, დედამიწაზე დაცემის ნაცვლად, ეს კომეტა მზესთან ძალიან ახლოს მივიდა და ნაწილებად დაიშალა.
ნიბურის მტკიცებულებები?
ფიქციური პლანეტის დამცველები შენიშნავენ, რომ 1984 წელს ჟურნალ Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა სამეცნიერო დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იყო ცის კატალოგიზაციისას შენიშნული რამდენიმე ისეთი ინფრაწითელი წყარო, რომელთა მსგავსიც მეორე არ არსებობდა. ასეთი კვლევები ასტრონომიაში ჩვეულებრივი ამბავია და როგორც წესი, უფრო მეტი დეტალის გარკვევის მიზნით, მოითხოვს შემდგომ კვლევებს. 1984 წლის ამ კონკრეტული აღმოჩენის შემდგომი კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ეს წყაროები სინამდვილეში შორეული გალაქტიკები იყო. პლანეტას არც არავინ ახსენებდა. ორივე კვლევა ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ასეთ ექსცენტრიულ ორბიტაზე მოძრავი პლანეტა, რომელიც მზის გარშემო ერთ შემოვლას 3600 წელს მოანდომებდა, 4,5 მილიარდი წლის ასაკის მზის სისტემაში უთუოდ შექმნიდა გარკვეულ არასტაბილურობას. მხოლოდ რამდენიმე გარშემოვლის შემდეგ, მისი გრავიტაცია მნიშვნელოვნად შეარყევდა სხვა პლანეტებს, რომელთა გრავიტაციაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეცვლიდა ამ ჰიპოთეტურ პლანეტას.
ყველაზე მარტივი და ადვილად შესამოწმებელი მტკიცებულება თეორეტიკული პლანეტის წინააღმდეგ, ნემისმიერ თქვენგანს შეუძლია მოსინჯოს. არსებული ინფორმაციის მიხედვით, 3600-წლიანი ორბიტის მქონე პლანეტა, რომელიც 2012 წელს დედამიწას უნდა შეჯახებოდა, ხილული უნდა ყოფილიყო შეუიარაღებელი თვალითაც. მარტივი გათვლები აჩვენებს, რომ 2012 წლის აპრილში ის ცის სხვა ვარსკვლავებზე კაშკაშა უნდა ყოფილიყო, დაახლოებით მარსის მსგავსად. რა თქმა უნდა, ყოველმხრივ დაინახავდნენ ასტრონომებიც.
მსგავს მტკიცებულებებს ყველაზე უფრო ხშირად უბრალოდ მარტივად ეწინააღმდეგებიან და გაიძახიან — „გვიმალავენ!“ თუმცა, მსოფლიოში არსებობს ასობით ათასი მოყვარული ასტრონომი, რომელთაგან მრავალს საკუთარი ტელესკოპიც აქვს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ათასობით პროფესიონალ ასტრონომს შორის მრავალია ისეთი, რომლებიც არა სამთავრობო, არამედ კერძო უნივერსიტეტებში მუშაობენ.
2012 წელს ასტრონომი დევიდ მორისონი შენიშნავდა, რომ NASA და მთავრობა ინფორმაციის უდიდეს ნაწილს სწორედ ასეთი, გარე ასტრონომებისგან იღებს.
გარდა ამ მრავალი პროფესიონალი და მოყვარული ადამიანისა, ცაში ახალ „ვარსკვლავს“ აუცილებლად შენიშნავდნენ უბრალო ადამიანებიც.
საშიში არაფერია
ინტერნეტში გავრცელებული აპოკალიფსური სცენარები ხშირად აღვივებს შიშს, მაგრამ საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ სცენარებში ახალი უბრალოდ არაფერია. სამყაროს აღსასრულზე ხალხი უკვე ათასობით წელია მსჯელობს.
ჭორები ინტერნეტში ტყის ხანძარივით ვრცელდება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ტექნოლოგიის საშუალებით, დღეს, ისე, როგორც არასდროს, გაადვილებულია სამეცნიერო მტკიცებულებების მოპოვება მსგავს მოვლენათა შესახებ.
მეცხრე პლანეტა
მიუხედავად ყველაფრისა, მზის სისტემის გარე, ბნელ, ცივ ნაწილში მაინც შეიძლება იმალებოდეს დიდი პლანეტა. მის შესახებ მტკიცებულებებს ასტრონომები ბოლო რამდენიმე წელია აგროვებენ. მათ შორის არიან კონსტანტინ ბატიგინი, მაიკ ბრაუნი, სკოტ შეფარდი და ჩად ტრუხილიო, რომლებმაც ნეპტუნს გადაღმა არსებულ მცირე ობიექტებში უცნაური შეჯგუფებები შენიშნეს. მათი მტკიცებით, ამის ყველაზე საუკეთესო ახსნა მზისგან ძალიან შორს მდებარე უხილავი „შემშფოთებელია“.
მათი გათვლების მიხედვით, მეცხრე პლანეტა შეიძლება დედამიწაზე 10-ჯერ მასიური იყოს და მზეს ჩვენს პლანეტაზე 600-ჯერ შორი მანძილიდან უვლიდეს გარშემო. თუმცა, ზოგიერთი ასტრონომი მეცხრე პლანეტად დღემდე პლუტონს მიიჩნევს და ამ ობიექტს პლანეტა X-ის სახელით მოიხსენიებენ.
შესაძლოა, უცნაური იყოს, მაგრამ სწორედ ტერმინ „პლანეტა X-ს“ გამოიყენებდნენ იმ პლანეტის აღსანიშნავად, რომელიც პასუხისმგებელი უნა ყოფილიყო ურანისა და ნეპტუნის ორბიტათა საეჭვო უცნაურობებზე. ეს თეორია მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა ასტრონომმა პერსივალ ლოუელმა წამოაყენა.
ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ მეცხრე პლანეტა (იგივე პლანეტა X) მართლაც არსებობს, მაგრამ საჭიროა გვახსოვდეს, რომ ის დედამიწას არ შეეჯახება და სრულიად სხვა ობიექტია, ვიდრე მითიური ნიბირუ.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.