ნესტან ლონდარიძე - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდეთ
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდეთ, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ადამიანის უფლებათა ცენტრში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის მიერ არ იყო დამტკიცებული ის დასკვნა, რომელიც საგამოძიებო კომისიამ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაზარალებულებს გვამადლიდნენ, თითქოს კეთილი ინება ხელისუფლებამ და საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა მისცა უმცირესობას და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტს წარმოადგენდა, მაგრამ პარალელურად მივიღეთ ისეთი მდგომარეობა, როდესაც ამ ფაქტს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. პარლამენტმა ის დადგენილება მიიღო, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა წარდგენილი. აღნიშნული დადგენილება არ ასახავს იმ რეალობას, რასაც მთელი საზოგადოება ადევნებდა თვალყურს საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს პირველი დეკემბრიდან განვითარებულ მოვლენებზე.
„ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ, მათ შორის კომისიის მუშაობასთან და აქციებთან დაკავშირებით. მხარდაჭერის იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ სიტყვას იტყვიან“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მათივე განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ევროპულ სასამართლოში გაგზავნაზე ისაუბრეს.