ნესტან ლონდარიძე - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე პროკურატურამ სასამართლოს ისე გადასცა, რომ სრულყოფილად შესწავლილი არ იყო
პროკურატურამ სასამართლოს საქმე ისე გადასცა, რომ ის სრულყოფილად შესწავლილი არ იყო, – ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა და მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამის ვარაუდს თუნდაც ის ფაქტობრივი გარემოება გვაძლევს, რომ სახეზე მივიღეთ არაერთი საკმაოდ სერიოზული კუთხით შეცვლილი ჩვენება და ამასთან დაკავშირებით რეაგირებას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ლონდარიძემ.
მისი თქმით, ძირითადი კითხვა, რაც დაზარალებულს უჩნდება ისაა, თუ რატომ ხდება ხელის დაფარება სხვა პირებისთვის, როცა საქმის ფაქტობრივი გარემოებები იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ სახეზე გვაქვს სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებები სხვა პირთა მიერ.
„ეს მხოლოდ ბატონ მირზა სუბელიანს არ ეხება, რომლის მიმართაც დანაშაულზე ხელის დაფარების, თუ დოკუმენტაციის, მტკიცებულებების გაქრობის თვალსაზრისით, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს“, – განაცხადა ლონდარიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მტკიცებულებებია გამქრალი საქმიდან, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, რომ არის ძალიან ბევრი გარემოება, თუმცა, სამწუხაროდ, კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრისაგან თავს შეიკავებს, რადგან ადვოკატებს გაუხმაურებლობაზე აქვთ ხელი მოწერილი და ამ ფაქტებზე პირდაპირ საუბარი გაუჭირდება.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ერთ-ერთი ტელევიზიის მეშვეობით გავრცელდა კადრები, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას ბადებს.
„როგორ ხდება, რომ როცა ბატონი მირზა კალანდიების ოჯახს ტოვებს, ზუსტად ერთ წუთში გამოდის ავტომანქანა, რომელსაც მიმალვის მიზნით ერთ-ერთი ბრალდებული გადაჰყავს?! ანუ, მათ შორის სხვაობა ერთი წუთია. თუ პროკურატურის განცხადებას დავუჯერებთ, რომ ბატონი მირზა ადგილზე სიტუაციაში გარკვევის მიზნით იმყოფებოდა და მან შვილი საგამოძიებო ორგანოებში წარდგენის მიზნით წამოიყვანა, როგორ ხდება, რომ მათ შორის ერთი წუთის სხვაობაა?! შეიძლება ვიფიქროთ, რომ ერთ წუთში მათ მიმალვის განსხვავებული გეგმა შეიმუშავეს?! ანუ, ეს გეგმა სავარაუდოდ ბატონი მირზას თანდასწრებით მუშავდებოდა“, – განაცხადა ლონდარიძემ.
ნესტან ლონდარიძემ ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, თუ რატომ არ იქნა გამოთხოვილი და გამოყენებული მტკიცებულებები დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლაიშვილის მიერ.
„ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო არ მოხდა, რომ ეს მტკიცებულებები განადგურებულია, ანუ დაკარგულია მათი მნიშვნელობა და ღირებულება. ალტერნატიული ექსპერტიზისთვის ის ნივთმტკიცებულება უვარგისი გახდა და შესაბამისად, ქალბატონი მაია ამ მტკიცებულებებს ვერ გამოიყენებდა“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.