ნედ პრაისი - სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი საქართველოს ეწვევა, რომელიც ხაზს გაუსვამს, რომ აშშ რეგიონისთვის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის ერთგულია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო მომავალ კვირაში საქართველოს ეწვევა.
პრაისის თქმით, ბონო თბილისში სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ჩავა. თბილისის გარდა, ბონო ჩავა ბაქოსა და ერევანში.
„უახლოეს ხანში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენლის ვიზიტი ნამდვილად მოსალოდნელია რეგიონში. მთავარი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში, ლუის ბონო მომავალ კვირაში ჩავა რეგიონში. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი. ის ეწვევა სამივე ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში. ლუის ბონო აპირებს, შეხვდეს ლიდერებს, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენს მდგრად ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ბონო ჩავა ბაქოში, ერევანსა და თბილისში, ამ თანმიმდევრობით. ის სამივე ამ ქალაქში ხაზს გაუსვამს, რომ აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ერთგულია“, – განაცხადა პრაისმა.