NDI - საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, კანონის შესაბამისად, საარჩევნო პერიოდში კანდიდატებს შორის ორი დებატი გამართა
მედიის წარმომადგენლები საარჩევნო პერიოდში ხშირად აღნიშნავდნენ დებატებსა და თოქშოუებში მმართველი პარტიის მონაწილეობაზე დათანხმების სირთულეებზე, რასაც ხშირად სხვა კანდიდატების მხრიდან მონაწილეობაზე უარის თქმა მოჰყვებოდა შედეგად, – ამის შესახებ ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებას მოიცავს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, კანონის შესაბამისად, კანდიდატებს შორის ორი დებატი გამართა.
„აღსანიშნავია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკა მელიამ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მერობის კანდიდატებს შორის ორგანიზებული დებატი დატოვა მას შემდეგ, რაც გააკრიტიკა მისი ფორმატი, უარი თქვა „ქართული ოცნების“ კანდიდატთან და მოქმედ მერთან ერთ სივრცეში ყოფნაზე. მედიის წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავდნენ დებატებსა და თოქშოუებში მმართველი პარტიის მონაწილეობაზე დათანხმების სირთულეებზე, რასაც ხშირად სხვა კანდიდატების მხრიდან მონაწილეობაზე უარის თქმა მოჰყვებოდა შედეგად“, – ნათქვამია NDI-ის დოკუმენტში.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე არჩევნებში მონაწილე მთავარ სუბიექტებს შორის რეალური დებატების ნაკლებობა უარყოფითად აისახა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე, არსებულ არჩევანსა და სხვადასხვა საკითხზე კანდიდატების პოზიციების შესახებ არსებითი ინფორმაცია მოეპოვებინათ.
„მიუხედავად ამისა, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა გამართეს საკითხებზე დაფუძნებული დისკუსიები კანდიდატების მონაწილეობით, სადაც უმეტესად შეძლეს როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის უზრუნველყოფა. დისკუსიების დროს პოლიტიკურმა პარტიებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პრობლემების მოგვარების თაობაზე, განსაკუთრებით ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევების მიმართულებით, როგორიცაა ქალები, ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები და ეთნიკური უმცირესობები“, – აღნიშნულია NDI-ის არჩევნების შეფასების დოკუმენტში.