NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია განცხადებას ავრცელებს
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია განცხადებას ავრცელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან მაღალი დონის ონლაინშეხვედრები გამართა. ამასთან დაკავშირებით ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრები მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას; ამასთან, გამოხატავდა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს. შეხვედრებს უძღვებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტი, ვერმონტის შტატის ყოფილი გუბერნატორი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჰოვარდ დინი, საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩი პერ ეკლუნდი, ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და NDI-ის ყოფილი პრეზიდენტი კენეთ უოლაკი, გუნდის სხვა წევრებს შორის იყვნენ აშშ-ის კონგრესისა და NDI-ის უფროსი წარმომადგენლები.

NDI-ის განცხადების მიხედვით, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველო რეგიონში სანიმუშო ადგილს იკავებდა, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გატარებული დემოკრატიული რეფორმები ამყარებდა. ბოლოდროინდელი საარჩევნო რეფორმების შედეგად მიღებული სამართლებრივი ჩარჩო პროპორციულ წარმომადგენლობაზე და კონსენსუსზე ორიენტირებულ სისტემას უწყობს ხელს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში საკვანძო და აქტიურ როლს თამაშობენ, რაც, სხვა ყველაფერთან ერთად, საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებზე მიუკერძოებელ დაკვირვებას გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ NDI-ის 2021 წლის თებერვლის საზოგადოების აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას პოლიტიკური ლიდერების თანამშრომლობისა და დემოკრატიული მისწრაფებების განხორციელების იმედი აქვს.

„დემოკრატია მუდმივ პროგრესს მოითხოვს, ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია კი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. სამწუხაროდ, დესტრუქციული პოლიტიკური მეტოქეობა ქვეყანას, ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს ზიანს აყენებს. დემოკრატიის გასაძლიერებლად აუცილებელია დიალოგი, ჩართულობა და კომპრომისი. ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული“, – განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მადლენ ოლბრაიტმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გახანგრძლივებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ მიმართულმა შეტევებმა საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია და დემოკრატიული, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულების მიმართ კითხვები გააჩინა. NDI-ის 2021 წლის ივლისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ მიაჩნია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობს. 19 აპრილის შეთანხმების დარღვევამ, რასაც მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა უზრუნველეყო, კიდევ უფრო გაამყარა ეს განწყობა. წლევანდელი არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ დემოკრატიული პრინციპების დაცვითა და მოქალაქეების საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისადმი თავიანთი ერთგულება დაამტკიცონ.

„კონსტრუქციული დიალოგი პასუხისმგებლიანი და წარმომადგენლობითი მმართველი სისტემის აუცილებელი კომპონენტია. ქართულ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები სრულიად მიუღებელია. მთავრობამ იმ ჯგუფების პასუხისმგებლობა უნდა უზრუნველყოს, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას, მათ შორის დამოუკიდებელ მონიტორინგს, საარჩევნო პროცესების ანალიზსა და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების მოსაზრებების გაჟღერებას. ეს მმართველ გუნდად ყოფნის ტვირთია”, – აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა, ჰოვარდ დინმა.

ამასთან, NDI-ის განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო და ადმინისტრაცია უმეტესწილად გამართულია, NDI-ის შეხვედრებზე რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა, რომელთა დიდი ნაწილი წინა არჩევნებისა და მთავრობების დროსაც არსებობდა.

„საარჩევნო კამპანია არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გააქტიურდება, თუმცა დღეისათვის ყველა პარტია არ აკეთებს საკმარისს მოქალაქეებთან შესახვედრად და მათ საჭიროებებზე სასაუბროდ. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის პოლიტიკური დებატების ნაკლებობა შეინიშნება, რაც მოქალაქეებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უზღუდავს. შეხვედრების მონაწილეებმა საარჩევნო რეგულაციების არასრული ან შერჩევითი აღსრულების, სახელმწიფო რესურსებისა და პროკურატურის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებაც გამოთქვეს შეშფოთება. 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლად მოქმედებისა და განსხვავებული შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობების შეზღუდვისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროებისა და დაშინების გამო. ამ ფუნდამენტური თავისუფლებების დაუცველობამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს არჩევნებისადმი ნდობას. მიუხედავად ამისა, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და საარჩევნო კანდიდატს საარჩევნო პროცესებში კეთილსინდისიერი მონაწილეობა ევალება. რეგიონში არასტაბილურობისა და მსოფლიოში ავტორიტარიზმის ზრდის ფონზე, აუცილებელია ამ საკითხების გადაწყვეტა, რათა გამყარდეს საქართველოს პოზიცია ევროპული ერების ოჯახში, გაძლიერდეს უსაფრთხოება და გაძლიერდეს ტრანსატლანტიკური პარტნიორობა“, – აცხადებენ ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში.

განცხადებაში მოყვანილია ელჩის, პერ ეკლუნდის მოსაზრებაც – „სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები ახალი არ არის. ეს პრობლემები ქვეყანას სხვადასხვა მთავრობების დროს აწუხებდა. ყველა პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ეს გამოწვევები მომავალ ადმინისტრაციებსაც არ გადაეცეს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას ლიდერობის უფრო დიდი ტვირთი აქვს, ოპოზიციური პარტიებიც კეთილსინდისიერად უნდა ჩაერთონ ამ პროცესებში“.

„არჩევნების დღემდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით, NDI გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს, რომელთაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებას: ყველა ჩართულმა მხარემ პატივი უნდა სცეს საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების უფლებას, რომ თავიანთი საზედამხედველო საქმიანობა თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში განახორციელონ. ასევე, დაცული უნდა იყოს იმ პირების უფლებები, რომლებიც კამპანიისა და ხმის მიცემის პროცესებში არიან ჩართულნი. მთავრობამ ამ უფლებების დასაცავად სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მომზადება და აღჭურვა უნდა უზრუნველყოს; ხელისუფლებამ ძალადობის, დაშინების და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩაატაროს და დამნაშავეების პასუხისგებაში დროული მიცემა უზრუნველყოს; საარჩევნო ადმინისტრაციამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გასწიოს, რათა მიღებული საჩივრები სწრაფად, გამჭვირვალედ და სათანადოდ განიხილოს, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისი დამატებითი ნაბიჯები გადადგას; ყველა პარტიის მხარდამჭერმა თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ძალადობისა და დაშინებისგან. პოლიტიკურმა პარტიებმა დროულად უნდა შემოიღონ და გამოიყენონ შიდა სანქციები მათთვის, ვინც ამ პრინციპებს დაარღვევს; პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აწარმოონ საკითხებზე დაფუძნებული, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული კამპანიები და გამოიყენონ მაუწყებლების მიერ შეთავაზებული ყველა შესაძლებლობა, რათა ჩაერთონ დებატებში და საზოგადოებას თავიანთი პოლიტიკის დღის წესრიგი წარუდგინონ; არჩევნებამდე, არჩევნების განმავლობაში და შემდეგ, ყველა პარტიამ მონაწილეობა უნდა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში და კონსტრუქციული დიალოგის გზით რეფორმების გატარებას შეუწყოს ხელი, რაც 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით იქნება განპირობებული. ასეთმა კურსმა, შესაძლოა, დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მოახლოებული არჩევნები ნამდვილი პოლიტიკური რეფორმების საწყისი იქნება.

NDI საქართველოში 1995 წლიდან მუშაობს და როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარი, კვლავაც მხარს უჭერს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. NDI გააგრძელებს არჩევნების დღემდე და მის შემდეგ ადგილზე განვითარებული მოვლენების ყურადღებით შეფასებას. ზემოთაღნიშნული შეხვედრები 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის NDI-ის მრავალკომპონენტიანი პროგრამის პირველ ფაზას წარმოადგენდა.

6 სექტემბერს NDI-მ მცირე გრძელვადიანი შეფასების მისიის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსები რამდენიმე ძირითად თემაზე გაამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის არჩევნების ადმინისტრირება, საარჩევნო კამპანიები, საინფორმაციო გარემო, გენდერისა და ინკლუზიის საკითხები. სექტემბრის ბოლოს NDI ამ კვირაში ჩატარებული მაღალი დონის ოთხ შეხვედრებზე განხილული საკითხების მორიგ მოკვლევას განახორციელებს, რათა არჩევნების დღისთვის მათი პროგრესი შეაფასოს“, – აღნიშნულია NDI-ის განცხადებაში.